„ბავშვის განვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაცაა,“ – არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ ხელისუფლებას წერილით მიმართა და ბავშვების წინაშე ნაკისრი საკონსტიტუციო და კანონიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში დაწესებული შეზღუდვების გამო და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ბავშვების იზოლაციას და ბაღების/სკოლების დაკეტვას ახლავს.
„ჩვენ ვშიშობთ, რომ მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას. შევახსენებთ მთავრობას, რომ თითქმის ორი წელია მშობლებს და მცირეწლოვან ბავშვებს გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება.
ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მშობლების ნაწილის განმარტებით, გამოხატულია მხედველობის გაუარესებით, ხერხემლის დაავადებებით და სხვა ნეგატიური გამოვლინებით.
იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასობრივად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები.
ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება, მით უფრო, იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ინტერნეტზე და გამართულ პერსონალურ კომპიუტერებზე.
მშობლებს მიგვაჩნია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის შესაძლებლობებზე, რომელთა ფარგლებში მოხდება ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
#მშობლებთანერთად