LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისში 1.77-1.84 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდების გავრცელების კერა აღმოაჩინეს

291
241661035-1514026018960348-931507512673831876-n

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.

ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმოჩენილმა არტეფაქტებმა ოროზმანის ძეგლის შესახებ წარმოდგენა მთლიანად შეცვალა.

კერძოდ კი, გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.

„არქეოლოგიური გათხრების დროს, კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ.“ – ვკითხულობთ ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მკვლევართათვის ოროზმანის პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებელი 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი. 2010 წელს ქართველ და ფრანგ მკვლევართა ჯგუფის მიერ, ძეგლის თარიღი პალეონტოლოგიური ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მეთოდით განისაზღვრა. მიღებული შედეგები კი, საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნდა.

როგორც ეროვნული მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, 2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის სამეცნიერო ექსპედიციის წევრების მიერ, ძეგლზე სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.

მუზეუმის ცნობით, სატესტო ჭრილის გაჭრისა და შესწავლის შედეგ ად, უძველესი ფაუნის ნაშთებთან ერთად, ძეგლზე უძველესი ჰომინიდების აქტივობის დამადასტურებელი, დმანისის მსგავსი არტეფაქტები გამოვლინდა.

ოროზმანის ძეგლის შესასწავლად, საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციის პირველი სეზონი ქართველი და ამერიკელი მეცნიერებისა და სტუდენტების მონაწილეობით ამა წლის 20 აგვისტოდან მიმდინარეობს. ექსპედიციას ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბიძინაშვილი ხელმძღვანელობს.

„ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი, დმანისის შემოგარენი, აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ მასობრივად იყო ათვისებული,“ – ნათქვამია ეროვნული მუზემის განცხადებაში.

magti 5g