LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე

97
სტრასბურგი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2 სექტემბერს გამოიტანა. ამრიგად, ის დაეთანხმა სხვა ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მის გვერდზე სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ კომენტარებზე.

კონკრეტულად აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქმიდან „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“. კერძოდ კი 2011 წელს ჟიულიენ სანჩესმა, რომელიც ფრანგულ ქალაქ ბოკერის მერი გახლდათ და კენჭს იყრიდა ულტრამემარჯვენე პარის „ეროვნული ფრონტის“ სახელით, „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტს ეხებოდა. ამ ჩანაწერზე კომენტარი სანჩესის არაერთმა გულშემატკივარმა დაწერა.

ზოგიერთი კომენტარი ქალაქის მუსლიმი მცხოვრებლებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. 2013 წელს ამ კომენტარების გამო სანჩესს და კომენტარების ავტორებს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ამის შემდეგ სანჩესმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. საქმის განხილვა 2015 წელს დაიწყო, საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა სხვა ინსტანციების მიერ გამოტანილ ვერდიქტს და დაადგინა, რომ სანჩესი პასუხისმგებელია სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ ჩანაწერებზე, რადგან მან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები 6 თვის განმავლობაში არ წაშალა საკუთარი გვერდიდან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისთვის.

„მოსარჩელემ შეგნებულად გახადა საკუთარი გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი, რათა მეგობრებს მისი ნახვა შესძლებოდათ. შესაბამისად, ის პასუხისმგებელი იყო მის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერების მონიტორინგზე. დამატებით სისხლის სამართლის სასამართლომ კი ხაზი გაუსვა, რომ სანჩესს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ მისი გვერდი მიიზიდავდა პოლიტიკური და პოლემიკური ხასიათის კომენტარებს.

ამრიგად, მას მეტი ყურადღებით უნდა განეხორციელებინა ამ კომენტარების მონიტორინგი. ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სანჩესს პოლიტიკური ფიგურის სტატუსი ავალდებულებდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინა“, – დაადგინა სასამართლომ.

magti 5g