ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია, 22 წლის ბიჭის ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მომხდარი ძალიან განიცადა. დავით გადელია დამნაშავის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
მისივე თქმით, „ციხეში უფრო მეტი სიმკაცრე უნდა იყოს, რათა ადამიანებს ეშინოდეთ და როგორც სანატორიუმში ისე არ მიდიოდნენ“.
„გასკდა გული!..
როგორც ჩანს ცოდნაზე, სწავლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალს, ვიღაც სალახანამ სიცოცხლე მოუსპო! დაიჭერენ ამ ვიგინდარას, მოიხდის 15 წელს ციხეს, შეიძლება საჩივარიც დაწეროს ციხეში, “ყავა შეციებული იყოო”, გამოვა და რა?.. რას შექმნის? 99.9%-ით არაფერს სასიკეთოს. მომავალი კი წაგვართვა… მერამდენედ უნდა ვიტიროთ ჩვენი ღირსეული შვილები, პარაზიტების ხელიდან განწირულები!!? მართლა არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კრიმინალთან! მერამდენედ ვამბობ: ხალხის დაკვეთა 2012 წელს იყო – ” უდანაშაულო ხალხს, მხოლოდ ფულის წაგლეჯვის მიზნით ნუ მოუწყობს მთავრობა პროსკრიპციებს”, თორემ არავის უთქვამს ნაღდი კრიმინალები თავზე დაისვით და ეფერეთო! მესმის, როდესაც უკომპრომისო ბრძოლას აჩაღებ კრიმინალთან, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ უდანაშაულო ადამიანებიც არ მოყვეს შემთხვევით. მაგრამ ციხეში ხომ მაინც შეიძლება ცოტა სიმკაცრე? ციხის მაინც რომ ეშინოდეს ადამიანს და სანატორიუმივით არ მიდიოდეს! მოვკვდი დღეს ამ ბიჭის ამბით.. სრულიად უცნობი ბავშვი საკუთარივით მეცოდება! საკუთარი თავიც მეცოდება და მეშინია შვილების გამო….“, – წერს დავით გადელია.