LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ – წულუკიანი

108

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება. ინიციატივა “საარჩევნო კოდექსის ორგანულ კანონში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რაც საარჩევნო სიის კიდევ უფრო დაზუსტებას გულისხმობს.

ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით საქართველოს ამომრჩევლებიდან 90 ათასზე მეტი პირი არის რეგისტრაციიდან მოხსნილი. ეს რიცხვი წლიდან წლამდე ვარირებს, თუმცა ბევრად არ მცირდება, რაც არის პრობლემატური, რომლის გადაჭრასაც 2014, 2016, 2017 წელს პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო და ცესკო ერთჯერადი ზომების მეშვეობით, ვცდილობდით  და ამ პირებს ყოველთვის ეძლეოდათ გარდამავალი დებულებების წყალობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იუსტიციის სამინისტრო ყოველი საარჩევნო წლის თებერვალ-მარტში აცხადებდა მათთვის პირადობის მოწმობების უფასო აქციებს, რომელიც ახლაც 1 მარტიდან ნოემბრამდე მიმდინარეობს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს გახლავთ სეგმენტი ამომრჩევლებისა, რომელიც არის საკმაოდ პასიური, ე.წ. უსაბუთო ამომრჩევლებისგან განსხვავებით, რომლებიც მასიურად იღებენ უფასოდ პირადობის მოწმობებს. მაგალითად, 1 მარტიდან დღემდე 20 ათასზე მეტმა უსაბუთო მოქალაქემ აიღო საბუთი უფასოდ. რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები კი, პასიური სეგმენტია ჩვენი ამომრჩევლების და გადავწყვიტეთ, რომ 5 წლიანი ვადით საარჩევნო კოდექსში შევიტანოთ გარდამავალი ნორმა, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა ამომრჩეველს მისცემს საშუალებას, რომ მათი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით მისცენ არჩევნებში ხმა,” – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამავე პროექტით გათვალისწინებულია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველს ეხება.

„დღევანდელი მოცემულობით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი გადასცემს ცესკო-ს ყველა იმ ამომრჩევლის მონაცემს, რომელიც არის საკონსულო აღრიცხვაზე – ეს წესი იცვლება და ის მოქალაქე, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ საკონსულო აღრიცხვაზე არ არის, მასაც შეეძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g