რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” ყველასათვის საყვარელი ქალბატონი მანანა თოდაძე სტუმრობდა სიმღერის პრემიერით ”ასეა თუ ისეა”.
სიმღერა, რომელიც დღეს დაპრემიერდა ყველასათვის ცნობილი ჰიტია. როგორც ქალბატონი მანანა ამბობს არეულ და გარდამავალ პერიოდში შეიქმნა. ისეთი ტექსტი აქვს, რომ თავადაც უკვირს დღემდე როგორ არ კარგავს აქტუალობას. ახლებურ ვერსიაზე ცირა ბზიშვილმა იმუშავა. ტექსტის ავტორი გახლავთ თინა ნაცვლიშვილი, ხოლო მუსიკის ბორის შხიანი.
მოგესალმებით მანანა, გაგვინდეთ საიდუმლო თუ როგორ ახერხებთ ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნას..
დილას, როდესაც ვიღვიძებ მიხარია, რომ ვარ ჯანმრთელი და ცოცხალი. ძალიან მიყვარს ადამიანები, ურთიერთობები. არავისი არ მშურს, ვინმეზე ცუდი არასდროს მიფიქრია. შური აბოროტებს და აბერებს ადამიანს. ვფიქრობ ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ ვიყო ყოველთვის ფორმაში.
როგორია მანანა თოდაძის ერთი დღე?
ჩემთვის ყველაზე რთულია დილით ადრე ადგომა, ბოლო პერიოდში 7 საათზე მიწევს გაღვიძება, რადგან მაქვს ბევრი გადაღება. როდესაც დაძაბული სიტუაციაა ვცდილობ ცუდი ინფორმაცია არ მოვისმინო, ასეთ დროს ფილმებს ვუყურებ. არ მომწონს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ლანძღავენ, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. ვინარჩუნებ პოზიტივს, ვაკეთებ გემრიელ კერძებს. ვალდებული ვარ ყველა ჩემი მეგობარი გავამხიარულო და არ დავძაბო ნეგატიური თემებით.
დიეტაზე თუ ყოფილხართ როდესმე?
ძალიან ვუსმენ ჩემს შინაგან მოთხოვნილებას, ორგანიზმი ყველაზე კარგი ექიმი და დიეტოლოგია. უბრალოდ უნდა მიაქციო ყურადღება და პატივი სცე შენს საკუთარ თავსა და შინაგან სამყაროს. ის აუცილებლად გიკარნახებს რა მიირთვა, რა დოზით. ვჭამ ხშირად ცოტ-ცოტას. ერთადერთი ვიცავ ზომიერებას. რასაც ყოველდღიურად ვჭამ და ვერ ვამბობ უარს ეს არის ხილი. ძალიან მიყვარს ვაშლი და ატამი. დილით, რომ ვდგები აუცილებლად ერთი ჭიქა წყალი უნდა მივირთვა, არ მიყვარს გაზიანი სასმელები.
ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან კარგი კულინარი ხართ..
სახლში, როდესაც ვარ ყოველთვის ვაკეთებ კერძს. ეს პროცესი ძალიან მიყვარს. ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ჩემი გაკეთებული ლობიო უყვართ, რომელიც პირველ ადგილას დგას. მიუხედავად რეგულაციებისა, სტუმარი სულ მყავს. ნებისმიერ ადამიანს ვმასპინძლობ. ზოგს გადატანილი აქვს კოვიდი, ზოგიც აცრილია.
სიმღერა ”ასეა თუ ისეა”, რომელსაც დავაპრემიერებთ ჩემი ბავშვობაა და ძალიან მიყვარს, მოგვიყევით შექმნის ისტორია..
ყველას უკვირს თუ გემი იძირება, ყველაფერი კარგად როგორ არისო. იმედი არის ყველაფერი ამ ცხოვრებაში. თუ იმედი არ გაქვს მთავრდება ცხოვრება. როდესაც ბავშვი ტირის, რატომ ტირის? რადგან აქვს იმედი, რომ მიხედავენ. უნდა ვიცხოვროთ იმედით. ეს სიმღერა არეულ და გარდამავალ პერიოდში შეიქმნა. იყო ძალიან აქტუალური სიმღერა. ზოგს მოსწონდა, ზოგს კი არა. მიკვირს, რომ ტექსტიდან გამომდინარე დღესაც არ კარგავს აქტუალობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოგწონთ ჩემი სიმღერები. მინდა, რომ ახალგაზრდებმაც მოისმინონ ძველი პოპულარული ჰიტები, ეს სიმღერები წლებს უძლებს. ახლებურ ვერსიაზე ცირა ბზიშვილმა იმუშავა. ტექსტის ავტორი გახლავთ თინა ნაცვლიშვილი, ხოლო მუსიკის ბორის შხიანი.
არის თუ არა ახალი სიმღერები, რომელზედაც მუშაობთ?
რა თქმა უნდა, არასდროს ვდუნდები. ვცდილობ შევქმნა ახალი სიმღერები ან განვაახლო ძველი. ბოლო პერიოდში ძალიან კარგი სიმღერები ჩავწერე, თქვენთანაც გაჟღერდა რამდენიმე. ორკესტრთან ერთად ვაკეთებ სერიოზულ პროგრამას, ამას არაფერი შეედრება. მუსიკალური პროდიუსერი უნიჭიერესი მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილია, მრავალი ნაწარმოების ავტორი გახლავთ.ჩემი ისეთი ძველი სიმღერები ვნახეთ, რომელიც მაყურებელს საერთოდ არ აქვს მოსმენილი. ვაცოცხლებთ და თანამედროვე ჟღერადობას, სტილს შევძენთ. გათვლილი იქნება ყველა თაობის და გემოვნების მსმენელისთვის. მინდა ძველი პერიოდი გავაცოცხლო და ახლებურად მივაწოდო ჩემს საყვარელ ხალხს.
თქვენს კონცერტზე, ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა რომელია?
ყველაზე დიდი რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა ”ტანგოს”, ამ სიმღერაზე ძალიან ბევრი წყვილი დაქორწინდა. ნიკამ გამიკეთა ამის ახალი ვერსია, ისეთი საოცრებაა. დავაპრემიერეთ გია ჯაჯანიძის გადაცემაში, ერთადაც კი ვიცეკვეთ, ლამის წამაქცია (იცინის). არაჩვეულებრივი მეგობარია და ძალიან მიყვარს.
მანანა თოდაძე – ასეა თუ ისეა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მანანა თოდაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები