LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს საჯაროდ მიმართავს კითხვებით და პასუხების გაცემას სთხოვს

141

ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს საჯაროდ მიმართავს კითხვებით და პასუხების გაცემას სთხოვს.

კერძოდ, ვარლამ ლიპარტელიანი ინტერესდება ფედერაციაში არსებული ფინანსური საკითხებით, ასევე მოითხოვს ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომ ქევხიშვილმა ღიად დაასახელოს პიროვნება ან ჯგუფი, ვინც „მართავს ძიუდოისტებს“.

„მივმართავ ყველას ვისაც შექმნილი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, გვინდა ფარდა აეხადოს იმ საკითხებს, რაზეც არ ვსაუბრობდით დღემდე. დავით ქევხიშვილმა არაერთხელ აარიდა თავი პირადად საუბარს. ამბობდა, რომ მზად იყო შესახვედრად, თუმცა თავს არიდებდა შეხვედრას. ახლა გვსურს ღიად მივმართოთ კითხვებით:

სად წავიდა ის თანხები, საუბარია 85 ათას ლარზე, რომელიც ჩაერიცხა ფედერაციას სპორტსმენებისთვის, თუმცა სპორტსმენებმა მხოლოდ 32 ათასი მიღეს. სად წავიდა და რა მიზნობრიობით დაიხარჯა ეს თანხა? ვითხოვთ წარმოადგინოს ყველა საბუთი.

სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასების 10 პროცენტი, რომელიც პირდაპირ ფედერაციაში „ატკატის„ სახით ბრუნდება? სად მიდის მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდი, რომელიც პირდაპირ მწვრთნელს ეკუთვნის. რატომ აბრუნებინებს 10 პროცენტს?

ვისი თანხებით დადიან გულშემატკივრები შეჯიბრებებზე. მე გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს მასაჟისტი და ამავდროულად უამრავი გულშემატკივარი მოდის, ვითხოვთ ქევხიშვილმა დააკონკრეტოს – ვისი თანხებით მოდიან ისინი თამაშებზე?

რატომ არ ჰყავს გოგონათა ნაკრებს პირადი ექიმი?

დაგვისახელე ბატონო დავით, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ? თქვენგან ვითხოვთ დაკონკრეტებას სახელსა და გვარს.

ყრილობა რატომ არ იყო საჯარო? რატომ იყო დახურული და რატომ არ ჰქონდა ჟურნალისტებს შეხვედრაზე დასწრების უფლება?

ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის ადამიანები ვინც ძიუდოს ბედს უწყვეტენ? რა მიმართულებით დაინიშნენ ისინი? ასევე რამდენი კლუბი არის „შევარდენ 2005“- ში დარეგისტრირებული, რომელ კლუბებსაც აქვთ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება?

ასევე გვაინტერესებს, რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა და ვითხოვთ ფედერაციაში ან პრეზიდენტობას ან ვიცე პრეზიდენტობას?

სად წავიდა „ზედაზენის“ მიერ დაფინანსებული შეჯიბრის თანხები, რატომ არ მისცეს ეს თანხები სპორტსმენებს?

რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე?

რატომ აძლევს სპორტსმენებს კიმანოებს შერჩევით, მაშინ როდესაც შედეგებიდან გამომდინარე სხვადასხვა კომპანიები საჩუქრად უგზავნიან ამ კიმანოებს ფედერაციას?“ – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, ვინ დგას ქევხიშვილის უკან, ყველა ძიუდოისტისთვის ცნობილია, თუმცა მათ არ სურთ ამაზე საუბარი და საკითხის პოლიტიკური კუთხით განხილვა.

დღეს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაიმართა, რომელიც სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. თავის მხრივ დავით ქევხიშვილი ძიუდოისტების ამ ქმედებას „მართულს „ უწოდებს“ და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g