პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეორე დღეა ახალგაზრდები აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის” მართავენ, სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება.
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციის მოწინააღმდეგეები ამჯერად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და კინოთეატრ „რუსთაველს“ შორის მდებარე საავტომობილი გზის მხრიდან ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. ამის გამო მათ რამდენიმე პირიც დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა.
კონტრაქციის მონაწილეების დიდი ნაწილი, პარლამენტის შენობასთან იმყოფება. დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთისგან მხოლოდ პოლიციის კორდონი ჰყოფთ.
ინციდენტების გამო, ადგილზე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. პოლიციის თანამშრომლებმა პირველ სკოლასთან და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ორივე მხარეს საავტომობილო გზაზე კორდონი გააკეთეს.
კონტრაქციის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველოს გაუმარჯოს“. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს უსტვენენ და მოუწოდებენ, რომ წავიდნენ. მათი განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარეობს ანტიქართული და „ბარიგების“ მხარდასაჭერი აქცია, რომელსაც არ დაუშვებენ.
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მიმართავს ხელისუფლებას, გააკეთოს პოლიტიკური განცხადება კონტრაქციასთან დაკავშირებით. ეს განცხადება რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კონტრაქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირზე გადმონაცვლების გამო, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.