LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგლამენტის ნორმა, რომლითაც გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, დებატებსაც ითვალისწინებს

39

რეგლამენტის ნორმა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პარლამენტს, რეგლამენტის 207-ე მუხლის საფუძველზე, გიორგი გახარიას წერილობითი მოთხოვნა წარედგინა პლენარულ სხდომაზე მისი მოსმენის შესახებ.

მინისტრმა მოსმენა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით ისურვა:  2018 წელს შს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა“ და “გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრის წერილობითი მიმართვა დაეგზავნა ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს.

ამასთან, რეგლამენტის 207-ე მუხლის გათვალისწინებით, მთავრობის წევრის მიმართვისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ის აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

მინისტრის მიმართვის დასრულების შემდეგ კი, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ მას დაუსვან შეკითხვები მხოლოდ მის მიერ წინასწარ წარდგენილ საკითხებზე. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისთვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასმის დასრულების შემდეგ მინისტრი პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ერთობლივად უპასუხებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ასევე 207-ე მუხლის გათვალისწინებით, შეკითხვებზე პასუხის გაცემის დასრულების შემდეგ, შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები, რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად. თავის მხრივ, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის წევრების გამოსვლებს, როცა უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებელ დეპუტატს და ბოლოს, დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები