სახალხო დამცველის განცხადებით, იმის გამო, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის თაფლს და წვენს იღებდა, ახლა სხვა მოშიმშილეები უარს ამბობენ სითხის გარდა რაიმეს მიღებაზე და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
როგორც ლომჯარია აცხადებს, მსჯავრდებულები ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მცირე რაოდენობით ტკბილი რომ მიიღონ, არ სურთ, ეს პენიტენციურმა დაწესებულებამ გაახმაუროს:
“მე-12 დაწესებულებაში შიმშილობენ სხვა პატიმრებიც, მკაცრი ფორმებით და იმის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ გაჟღერდა მსგავსი ბრალდებები, რომ იღებს თაფლს, წვენს და ა.შ. ეს პატიმრები საერთოდ უარს ამბობენ სითხის გარდა რაიმეს მიღებაზე და მათი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
ისინი ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მცირე რაოდენობით ტკბილი რომ მიიღონ, არ უნდათ, ეს პენიტენციურმა დაწესებულებამ გაახმაუროს. ანუ მათ შეექმნათ შიში იმისა, რომ სულ მცირე ტკბილის მიღება, რამაც შეიძლება მათი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხოს, შეიძლება გაუმჟღავნოს პენიტენციურმა დაწესებულებამ.” – განაცხადა ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
8 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება.