საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცვლილებები 5 ძირითად პრინციპს ემყარება.
“საქართველოს მოსახლეობას შევპირდით, რომ საბანკო-საფინანსო სექტორში დავამკვიდრებდით სამართლიანი თამაშის წესებს. ჩვენი ინიციატივა ძირითად 5 პრინციპს ეფუძნება: 1. ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან; 2. ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს ეკრძალებათ ავტომობილების და უძრავი ქონების დაგირავება; 3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია დღეს არსებულ რეგულაციაზე; 4. მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და უსამართლო ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან; 5. აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, იგულისხმება ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, კერძო გამსესხებლები.
ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შემოტანას აღნიშნულ სექტორში. ლომბარდებს გონივრული ვადა მიეცემათ თავიანთი საქმიანობის დასახვეწად. არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ამ ცვლილებების მიმართ და 29 მაისს გავმართავ დეტალურ პრეზენტაციას”,- განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, ეს ინიციატიცა წარედგინება პარლამენტს.