“საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას”, – აცხადებენ პარლამენტის აპარატში და სასახლის С კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა ერთ-ერთი ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით:
“საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის “С” კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები.
მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.
საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას.” – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, “С” კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატმა 360 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
გავრცელებული ცნობითვე, პარლამენტის ისტორიულ შენობაზე სართულის დაშენება განიხილება. შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო კვლევა პარლამენტის დაკვეთით ჩატარდა.
კვლევის ტექნიკურ დავალებაში ნათქვამია, რომ დამკვეთმა დასვა რამდენიმე საკითხი შენობაზე დაშენების შესაძლებლობის შესასწავლად, თუმცა, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, შენობის არსებული საინჟინრო მდგომარეობის გათვალისწინებით, მასზე სართულის დაშენება არარეკომენდებულია.