სომხეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიულოცეს.
საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟანკ კლოდ იუნკერმა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი, ევროპული საზოგადოების სწრაფვისკენ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აიღოთ მომავალი საკუთარ ხელში. საქართველომ მთელი საუკუნის განმავლობაში აამაღლა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა 1918 წელს ეროვნულ დონეზე. ქვეყანამ ააშენა თავისი მომავალი დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებზე, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ჩვენ მუდამ გავუწვდით ხელს ერთმანეთს და მუდამ დავიცავთ საქართველოს ისტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც კანონიერად არის დაფიქსირებული,“ – განაცხადა ჟანკ კლოდ იუნკერმა.
ქართველ ხალხს ასევე მიმართა, საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრად მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა.
„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენ გვერდით ვიყო ამ შესაიშნავი დღესასწაულის დროს. ორი ერი ქართველები და სომხები ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩვენც ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით. ეს არის ჩემი მეუღლის, ბებიებისა და წინაპრების ქვეყანა,“ – აღნიშნა სარქსიანმა.
მიმართვის ბოლოს კი, მან ქართველ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა „გაუმარჯოს საქართველოს და სომხურ – ქართულ მეგობრობას,“ – აღნიშნა სარქსიანმა.
საქართველოს დამოუკიდებლობა ფინეთის პრეზიდენტმაც მიულოცა.
„მინდა მოგილოცოთ 100 წლისთავი. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენც გასულ წელს ვიზეიმეთ ფინეთის დამოუკიდებლობა. რასკვირველია, დამოუკიდებლობის საფუძველი არის თავისუფლება, თანასწორობა. გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ჩვენს მეგობარ ერს, ქართველებს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ლიეტუვას პრეზიდენტმა კი, საკუთარ გამოსვლაში საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ლიეტუვა ჩვენს ქვეყანას საქართველოს უწოდებს. რაც ლიეტუვას საჩუქარია საქართველოსადმი.
