LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წლის და 2 თვის ვიყავი, როდესაც პირველი სიმღერა ვიმღერე მამასთან ერთად, 4 წლისამ კი, გიტარაზე დაკვრა დავიწყე” – გია ბაღაშვილი

34
giabagashvili

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები  გია ბაღაშვილი სტუმრობდა გოგი ცაბაძის ”ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისი” ახლებური ვერსიის პრემიერით.

გია ბაღაშვილმა  ნაცნობი, ზოგისთვის კი უცნობი ბევრი საინტერესო თემა გაიხსენა. ისაუბრა პირველ ნაბიჯებზე, თუ როგორ დაიწყო სიმღერა და გიტარაზე დაკვრა. ჯერ იყო ნიჭიერთა ათწლედი, შემდეგ კი კონსერვატორია, სადაც შეხვდა დიდ პროფესორს, კუკური ჭოხონელიძეს. როგორც თავად ამბობს,  მან აზიარა ფუნდამენტურ სამეცნიერო კვლევასა და იმ სიღრმეებს, რომელსაც ქართული  მრავალხმიანობა ჰქვია.

 მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან, მოგვიყევი შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები..

საღამომშვიდობისა ჩემო ლაშა, ძალიან მიხარია შენთან სტუმრობა. მივესალმები შენს მრავალრიცხოვან და ჩემთვის ძალიან ძვირფას აუდიტორიას. პატარა ასაკიდან ვმღერი. მშობლები მიმტკიცებენ, რომ წლის და 2 თვის ვიყავი, როდესაც პირველი სიმღერა ”ოცდახუთსა დეკემბერსა” ვიმღერე მამასთან ერთად. 4 წლის ვიქნებოდი  გიტარაზე დაკვრა, რომ დავიწყე. მამამ ინერვიულა პატარა ასაკში ასე აქტიურად, რომ ვუკრავდი, რადგან ხელი გამიფუჭდებოდა. მომცა რთული და მოსაწყენი სავარჯიშო, ეგონა გული ამიცრუვდებოდა, თუმცა დღე და ღამე ამას ვუკრავდი. 7 წლის ასაკში უკვე მეექვსე კლასის მასალას ვუკრავდი. ერთ ისტორიას მოგიყვებით, ბაღში 5 წლიდან გიტარით მივდიოდი. ზეიმებზე მქონდა ჩემი რეპერტუარი. მამა სახლში მღეროდა ხოლმე, რაღაც ბლატნოი სიმღერას. თამამად მღეროდა, რადგან იმ ასაკში რუსული არ ვიცოდი. თან საბჭოთა ბავშვი ვიყავი, ვისწავლე და ზეიმზე შევასრულე. კოტე მახარაძე ესწრებოდა კონცერტს და ძალიან ბევრს იცინოდა. მასწავლებელი და დირექტორი ნელ-ნელა ფითრდებოდნენ. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დედაჩემი დაიბარეს ბაღში. მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული კულისებში. ანსამბლი ”ივერია” იყო უდიდესი სკოლა, რეპეტიციები, გასტროლები. ყველგან დავყვებოდი მამას, მათი ბანკეტი არ გამიცდენია. დიდი რევოლუცია მოახდინა ”ივერიამ” 300 მილიონიან მაშინდელ საბჭოთა წოდებულ სივრცეში. ეს იყო საესტრადო მიუზიკლის შექმნა, დანერგვა. ფაქტობრივად ჟანრის ფუძემდებლები აღმოჩნდნენ. ერთ ისტორიას კიდევ მოგიყვებით, 5 წლის ასაკიდან კარატეზე დავდიოდი. ერთ-ერთ ბანკეტზე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო  ჩამოსული, შვილთან ერთად და რაღაც დიდი ამბავი წყდება. შვილი აგრესიულად იყო განწყობილი, არ ვიცოდი ვინ იყო. 7-8 წლისები ვიქნებოდით, ჩხუბის დროს ზემოდან მოვექეცი. თავზე დაგვადგნენ, შვილო არ დაგვღუპო, ოღონდ ეგ არ ცემო და ჩვენს ბავშვებს მოგიყვანთო. რა თქმა უნდა მშვიდობიანად დამთავრდა ეს ამბავი.

უდიდესი როლი ითამაშა კლასიკურმა მუსიკალურმა განათლებამ. ნიჭიერთა ათწლედში ფანტასტიური წლები მაქვს გატარებული. შემდეგ იყო კონსერვატორია, სადაც შევხვდი დიდ პროფესორსა და საოცარ პიროვნებას, კუკური ჭოხონელიძეს. მან მაზიარა იმას, რომელსაც ჰქვია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევა და ის სიღრმეები, რაც ქართულ  მრავალხმიანობას აქვს. ჩემი საქმიანობა ორი მიმართულებით წავიდა, ერთი უკავშირდება საესტრადო სფეროს, ხოლო მეორე სამეცნიეროს. მართალია ორმაგი შრომაა, თუმცა ამავდროულად ორმაგი ბედნიერებაა, რომ თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა ერთადაა.

შენი შოუ, უზარმაზარი პროექტი, თეატრი, ლექციები… როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?

ერთადერთი, რაც შევაჩერე ამ პანდემიის გამო და შეგნებულად ონლაინ რეჟიმზე არ გადავიყვანე, არის ჩემი საზღვარგარეთული ლექციები, ქართულ მრავალხმიანობაზე. 13 ქვეყანაში გამიუქმდა, ყველაზე მეტად ოქსფორდის უნივერსიტეტზე მწყდება გული, რადგან 3 წელი ვემზადებოდით ამისთვის. გაცილებით დიდი შედეგი აქვს, როდესაც ჩადიხარ და უშუალოდ ანახებ მაგალითებს, ამას შთამაგონებელი ძალა უნდა ჰქონდეს. ონლაინ ამის შესწავლა არ გამოვიდოდა. ასევე გადაიდო საკონცერტო საქმიანობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამის საშუალება მალე გვექნება.

როდესაც საუბრობ ქართულ ფოლკლორზე, როგორ იღებს ამას უცხოელი მსმენელი, სტუდენტი?

რაც უფრო განვითარებულია მსენელი და ინტელექტუალურია საზოგადოება, მით უფრო დიდია ზემოქმედების ძალა. საჯარო ლექციის აუდიტორია შედგებოდა პროფესორ-მასწავლებლებითა და დოქტორანტებით. ერთი საათი გრძელდებოდა ლექცია ჰარვარდში, 40 წუთი კი კითხვა-პასუხი. სტენფორდის უნივერსიტეტში სამ წლიანი რიგია, რომ  ლექციის ჩატარების საშუალება მოგეცეს. მე 8 თვის თავზე მიმიწვიეს. ოფიციალურ შეხვედრაზე პირველ რიგში მომილოცეს და მითხრეს, რომ 40 წუთი გაგრძელდა ჩემი საჯარო ლექცია, რადგან ჩვენთან ისეთი ხალხია 1 წუთს არ დათმობენ ზედმეტად თუ არ მოეწონათო. მეორე კი გილოცავთ იმას, რომ დიდი თანხა დაუზოგეთ თქვენს ქვეყანასო, ვერ მივხვდი რას ამბობდა ეს ადამიანი, თუმცა გავუღიმე. მისმა თანაშემწე გოგონამ მითხრა, რომ წინა საჯარო ლექცია ჩაატარა  აზერბაიჯანელმა ქალბატონმა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, საამისოდ კი მათმა ფონდმა 250 000 დოლარი ჩაურიცხა სტენფორდის უნივერსიტეტს, თქვენ კი ისე მოგიწვიეთო. მათთან აქამდე მუშაობა ვერ ხერხდებოდა. ამ ყველაფერს წლები სჭირდებოდა, მე  12-14 წელი დამჭირდა ამ სიმაღლეზე, რომ გავსულიყავი.

მახსოვს შენი და გია ბაღაშვილის პირველი დუეტი გიტარებით, თუ არ ვცდები დაისი..

ეს იყო პოპური,  ერთ-ერთი ფრაგმენტი კი დაისი გახლდათ. 97 წლის ბოლოს შედგა ჩვენი საახალწლო ტელეპრემიერა, შემდეგ კი ეს ყველაფერი იყო 98 წლის გაზაფხულზე, ფილარმონიაში.

იუმორინაზე უნდა გკითხო, ესეც  ბატონი ჯემალის პროექტია, თუ ერთობლივია?

ერთობლივია იმ თვალსაზრისით, რომ პროდიუსინგს ერთად ვანხორციელებთ. მაგრამ მუსიკალური მხარე ჩემი პრეროგატივაა, მამასი კი ტექსტუალური მხარე, სცენარი და  რეჟისურა. ეს იყო პირველი პროექტი, როდესაც პროფესიულ სცენაზე მიზანმიმართულად, იუმორისტული ჟანრის სხვადასხვა მიმართულებები გაერთიანდა. ყველა სიკეთესთან ერთად ამ პროექტმა შეითავსა გალა კონცერტის ფუნქციაც. გარდა ამისა, უამრავ ახალბედა ადამიანს მიეცა საშუალება ემუშავა ისეთი დიდოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ არჩვაძე, გოგა პიპინაშვილი, მზია კვირიკაშვილი, ბიძინა მახარაძე და სხვები..

რეიტინგულ შოუზეც მოგვიყევით..

მომიწია წამყვანის ამპლუაში ყოფნა, რაც დიდი სიახლე იყო ჩემთვის. შეიძლება მიგიღოს მაყურებელმა, შეიძლება არა. უღრმესი მადლობა, რომ დამდეს პატივი და უმაღლეს საფეხურზეა რეიტინგით. ეს არის დღე-ღამის შრომის შედეგი და მაყურებლის დამსახურება.

ბოლოს კი სიმღერის ”ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისი” პრემიერა..

ამას პრემიერა რამდენად შეიძლება დაერქვას არ ვიცი, ვინაიდან ეს არის შესანიშნავი სიმღერა, ჩვენი გამოჩენილი კომპოზიტორის, ბატონი გოგი ცაბაძის. ლექსი კი გიგლა ხუხაშვილის. ასეთი ვერსია, როგორიც ჩვენ გამოგვივიდა, ჯერ არ მომისმენია. ტელე პრემიერა შედგა ჩვენს შოუში, გადაცემა იყო მეგობრობაზე და მყავდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, კახა ლაგუჩიძე მოწვეული. მასთან ერთად მინდოდა მემღერა და ჩამეწერა, ჩემი არაჩვეულებრივი ქუჩის მუსიკოსების დახმარებით. საინტერესო ჟღერადობა გამოვიდა. იმ სულისკვეთებას, რომლითაც საოცარმა პიროვნებამ გოგი ცაბაძემ შექმნა ეს სიმღერა,  ეს ვერსია ეხმიანება და ვფიქრობ, რომ არაფერი დავაკელი.

 

გია ბაღაშვილი, კახა ლაბუჩიძე & ქუჩის მუსიკოსები – ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გია ბაღაშვილი – გამოაღე კარი ჩქარა . Live

 

გია ბაღაშვილი – რა დაგიშავე. Live

 

გია ბაღაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები