LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე საშვების“ შემოღება ნამდვილად იქნება ხსნა: ხათუნა ზახაშვილი

113
ხათუნა-ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, „მწვანე საშვების“ შემოღება ნამდვილად იქნება ხსნა. როგორც „პირველ არხთან“ საუბრისას, ზახაშვილმა განმარტა, არ ჰგონია, რომ აღნიშნულ ინიციატივას ვინმე ეწინააღმდეგებოდეს.

„ეს იქნება ხსნა ყველა იმ ობიექტის სრულფასოვანი მუშაობისთვის, რომელიც თავის ტერიტორიაზე „მწვანე საშვების“ სისტემას აამოქმედებს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სფერო და ბიზნესი დაინტერესებულია ამგვარი ქმედებით. უბრალოდ, ეს არის ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც კარგად ჩამოყალიბებას საჭიროებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კითხვაზე, რა არის ის ზღვარი, როდესაც შეიძლება, სავალდებულო აცრის საკითხი გააქტიურდეს და მისი შემოღება საჭირო გახდეს, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც დარგის სპეციალისტს, მიაჩნია, რომ ამის საჭიროება დღესაც დგას და ეს საჭიროა.

„სავალდებულობა სულაც არ არის ძალად თავს მოხვეული ქმედება. ეს არის საჭიროება ქვეყნისთვის და ქვეყნისთვის საჭიროება ხანდახან, სავალდებულოც ხდება ადამიანებისთვის“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის, რათა ფრონტის წინა ხაზზე მდგომმა ადამიანებმა, ჯანდაცვის მუშაკებმა ფიზიკურად გაუძლონ და პაციენტებს მოემსახურონ, საჭიროა, შემთხვევების რაოდენობამ იკლოს, რისთვისაც ადამიანებმა უნდა აიცრან.

„ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანები ვაქცინაციის საჭიროებაში დაარწმუნონ, მაგრამ როგორც კი ყველა საშუალება ამოიწურება, ალბათ, ცოტა მეტი ძალისმიერი ქმედებები იქნება საჭირო, რასაც სავალდებულო ვაქცინაცია ჰქვია“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კითხვაზე, რა დაწესებულებებს შეიძლება, შეეხოს „მწვანე საშვების“ სისტემა, თუ ეს უნდა იყოს ყველა ობიექტში საჭირო, ზახაშვილმა აღნიშნა, რომ „მწვანე საშვების“ სისტემა, პირველ ეტაპზე, არაფრით არ შეიძლება, შეეხოს ესენციური საჭიროების ბიზნესებს – სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს, ან რომელიმე მსგავსი გადაუდებელი საჭიროების მქონე ობიექტს.

შეკითხვაზე, როგორ ესახება მსგავსი სისტემების ამოქმედება იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინაციას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ სავალდებულობა იქნება სახელმწიფოს მიერ ომის გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან, რადიკალურ ზომებს მიმართონ, ზახაშვილმა განაცხადა, რომ კოვიდიდან ქვეყანა გამარჯვებული ვეღარ გამოვა, რადგან პანდემიას უკვე 10 000 ადამიანი შეეწირა, მაგრამ თუ გვინდა, უბრალოდ, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ცოცხლები დავრჩეთ, დღეს ომი კოვიდს უნდა გამოვუცხადოთ და არა სახელმწიფოს.

ხათუნა ზახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან დროული და სწორი.

„ვთვლი, რომ პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან დროული, სწორი, საოცრად სწორად და ლაკონურად იყო გადმოცემული ყველა ის საჭიროება, რაც დღეს გვიდგას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g