„მე მხარს ვუჭერ წულუკიანის დარჩენას,“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან გააკეთა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა – თეა წულუკიანმა პოსტი უნდა შეინარჩუნოს, რადგან რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში პროცესი აქვს დაწყებული.
“მას ძალიან დიდი პროცესი აქვს წამოწყებული ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. აუცილებლად უნდა დარჩეს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საკითხი,“- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
ქართული ოცნების ოფისში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით შეხვედრა მეორე დღეა იმართება. ამ ეტაპზე დაზუსტებით არაა გადაწყვეტილი შემცირდება თუ არა 14-დან 11-მდე სამინისტროების რაოდენობა, როგორც ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.