პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების” თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ორ დეპუტატებთან ერთად მივიდა.
კობახიძესთან ერთად ელენე ხოშტარიას ხვდებიან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. გარდა ამისა, მისივე თქმით, არის უსაფრთხოების სერიოზული რისკები.
“ხდება ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის ახირებული პოზიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ რისკის ქვეშ დაყენება ადამიანების სიცოცხლის არის, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით – ერთი, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე – უსაფრთხოების რისკები არის სერიოზული”, – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ არ აკეთებს, რადგან კობახიძის თქმით, სააკაშვილი ღირებულებით კონფლიქტშია სტრასბურგის სასამართლოსთან.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.
„სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მკაცრი მოწოდებაა, რომელსაც სამწუხაროდ, სააკაშვილი არ ასრულებს. რომ შეასრულოს მოწოდება, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც იყენებს და რაც სამწუხაროა.
ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, მაგალითად, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ელენე ხოშტარია მე-15 დღეა შიმშილობს და ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ხოშტარია მკურნალობის მხოლოდ იმ ფორმებს თანხმდება, რაც კრიტიკული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.