ჟურნალ Nature Genetics-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა გამოავლინეს გენის ვერსია, რომელიც 60 წლამდე ადამიანებში აორმაგებს COVID-19-ის გამწვავებისა და სიკვდილის რისკს. კონკრეტულად კი საუბარია გენზე სახელად LZTFL1, რომელიც ჩართულია ინფექციისადმი ფილტვის უჯრედების პასუხის რეგულირებაში. როდესაც ადამიანში ამ გენის ვერსია წარმოდგენილია, ფილტვის უჯრედები კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეულ ინფექციას ეფექტურად ვეღარ ებრძვიან.
აღსანიშნავია, რომ ახალი კვლევის შედეგით, რისკ-ჯგუფში ძირითადად სამხრეთ-აზიური წარმომავლობის ადამიანები იმყოფებიან, რომელთა 60 პროცენტშიც აღნიშნული გენი ფიქსირდება. ევროპული წარმომავლობის ადამიანებისათვის ეს რიცხვი 15, აფრიკული წარმომავლობის მქონეთათვის 2,4, ხოლო აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის მქონე პირთათვის 1,8 პროცენტია. ახალი კვლევის ავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის გენომიკის პროფესორის ჯეიმს დევისის განცხადებით, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ერთი კონკრეტული გენის გარდა, ყველა ადამიანთან დამდგარ გამოსავალს სხვა მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად არის პიროვნება დაცული ვირუსისგან და ავადმყოფობის შემთხვევაში როგორი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურებას მიიღებს.
როგორ აზიანებს კორონავირუსის დელტა შტამი ადამიანის ტვინს?
თუმცა აღსანიშნავია, რომ გენ LZTFL1-ს აშკარად შესამჩნევი გავლენა აქვს. დევისის განცხადებით, LZTFL1 გენის ქონა დაახლოებით 10 წლით უფროსად ყოფნას უდრის იმ ასაკთან შედარებით, რა ასაკისაც რეალურად ვართ, როდესაც საქმე კოვიდის გამწვავების რისკებს ეხება.
მეცნიერთა ჯგუფმა დევისის ხელმძღვანელობით მწვავე COVID-19-ის მქონე პაციენტთა ჯგუფის გენომები (განსაკუთრებით მათი, ვისაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა) საკონტროლო ჯგუფის მონაწილეთა გენომებს შეადარა, ანუ იმ პირებისა, რომლებსაც არც ინფექციის ნიშნები ჰქონდათ და არც მსუბუქი სიმპტომების მქონე ინფექციის ისტორია. შედეგად მათ შეძლეს გამოევლინათ გენთა კრებული, რომელიც უფრო მეტად იყო წარმოდგენილი მძიმე პაციენტებში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებში.
კვლევის თანაავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის გენების რეგულირების პროფესორის, ჯიმ ჰიუგსის თქმით, აღნიშნული გენების ქონა ადამიანის ორგანიზმზე ორმაგი დარტყმაა და გამწვავების რისკს ორჯერ უფრო ზრდის, ვიდრე გულის კორონარული დაავადებები, დიაბეტი ან ნებისმიერი სხვა ქრონიკული დაავადება. თუმცა პროფესორი ჰიუგსი აქვე დასძენს, რომ ამ გენის ქონა სასიკვდილო განაჩენი სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმწვავის რისკს ზრდის, იგი შეიძლება შეამციროს სხვა გენებმა ან არაგენეტიკურმა ფაქტორებმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადება გააკეთა პროფესორმა დევისმაც, რომლის თქმითაც გენი LZTFL1 იმუნურ სისტემაში ჩართული არ არის, ამიტომ მისი მატარებელი ადამიანების ვაქცინაციით დაცვა ისევე შეიძლება, როგორც ყველა დანარჩენის.
„ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია სრულად გადაუსვამს ხაზს ამ გენის ამ ეფექტს“, — ამბობს პროფესორი დევისი.
გიორგი ღოღობერიძე – როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან გრიპი, კოვიდი და გაციება?