მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაზიანების დროს, ხშირად, ყველაზე ეფექტური გამოსავალი ართროპლასტიკა, ანუ დაზიანებული სახსრის პროთეზით ჩანაცვლებაა. საბედნიეროდ, უახლესი მეთოდებისა და მაღალი ხარისხის პროთეზების მეშვეობით, ის დღესდღეობით, ნაკლებად ტრავმატული ოპერაციაა, რეაბილიტაციის პროცესი კი გაცილებით უმტკივნეულო და ხანმოკლე.
საქართველოში მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკის დიდი გამოცდილება აქვს თოდუას კლინიკას. გარდა ამისა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან და ამ მიმართულებით პაციენტებს ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეებს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ართროპლასტიკაზე უფრო მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, გიორგი კვარაცხელიას დავუკავშირდით.
რა ტიპის დაზიანების დროს და რა ეტაპზე ხდება საჭირო მენჯ–ბარძაყის ართროპლასტიკა?
ართროპლასტიკას სახსრის დაზიანების (ართროზული დაზიანება) დროს მივმართავთ ხოლმე. ეს არის დაავადება, რომელიც სახსარში პათოლოგიურ პროცესებს იწვევს და სასახსრე ზედაპირებს აზიანებს. მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგია შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ტრავმის შედეგად შეძენილი ან დროთა განმავლობაში ხრტილის ცვეთით, ან სახსარში არსებული სხვა კომპონენტების დაზიანებით გამოწვეული. ამ შემთხვევაში მისი ნიშნები 50 წლის ასაკიდან იჩენს ხოლმე თავს. სახსრის დაზიანება, საწყის ეტაპზე, ტკივილით გამოიხატება, დროდადრო შეიძლება მას მოძრაობის შეზღუდვაც მოჰყვეს. საბოლოოდ კი, სახსარი მისი ჩვეული მდგომარეობიდან ვარდება და პაციენტი საერთოდ ვეღარ იყენებს მას. მისი სიცოცხლის ხარისხი ეცემა.
დაზიანების, საწყის ეტაპზე, პრობლემის მოგვარებას მედიკამენტოზური მკურნალობით ან ართროსკოპიით – ხრტილის მცირეინვაზიური კორექციით ვცდილობთ. ართროპლასტიკის, ანუ სახსრის ნაწილობრივი, ან სრულ ჩანაცვლების საჭიროება კი დგება მაშინ, როდესაც დაზიანება უკვე შორსწასულია.
ხშირად, სწორედ ასეთ დროს მოგვმართავენ ხოლმე პაციენტები და ქირურგიული ჩარევის გარდა ალტერნატივა აღარ გვაქვს. ასევე, ჩივილების უგულებელყოფით შეიძლება სხვა სახსრებიც დავაზიანოთ და საბოლოოდ სხვა სპეციალისტების დახმარებაც გახდეს საჭირო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა ექიმს დროულად მიმართონ.
რამდენად რთული პროცედურაა ართროპლასტიკა? რამდენად გაამარტივა ის თანამედროვე ტექნოლოგიებმა?
ართროპლასტიკა ქირურგიული ჩარევაა და, შესაბამისად, მარტივი ოპერაცია არ არის. თუმცა, თუ ზუსტად შევაფასებთ დაზიანების ხარისხს, სწორად შევარჩევთ პროთეზის მოდიფიკაციასა და კომპონენტებს, მით უფრო ნაკლებად დავაზიანებთ ქსოვილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დიაგნოსტირების პროცესს და ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია შევაგროვოთ. ეს გვეხმარება ინდივიდუალურად მივუდგეთ პაციენტს და მკურნალობის სწორი ტაქტიკა შევიმუშავოთ.
გარდა ამისა, მენჯ-ბარძაყის პროთეზირება მნიშვნელოვნად გაამარტივა უახლესმა ტექნოლოგიურმა წინსვლებმა, რასაც თოდუას კლინიკაში აქტიურად ვნერგავთ. ასევე, ვთანამშრომლობთ ფრანგ კოლეგებთან, რომელთა რეკომენდაციებითაც მუდმივად ვხვეწთ ოპერაციულ ტექნიკას და ორთოპედიის ფრანგულ ხაზს ვანვითარებთ.
როგორც ვიცით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტების ხარისხსაც. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
იმპლანტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც უფრო ხარისხიანია ის, მით უფრო სრულყოფილია სახსრის მუშაობის მექანიზმი. ხარისხი განსაზღვრავს მის ხანგრძლივად მუშაობის რესურსსაც. ამიტომ, ჩვენ უმაღლესი ხარისხის – ევროპული და ამერიკული სტანდარტების მქონე იმპლანტებს ვიყენებთ.
დაახლოებით, ერთ თვეში ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება ფრანგული წარმოების იმპლანტი, რომელიც E ვიტამინითაა გაჯერებული. ის უზრუნველყოფს პროთეზის მდგრადობას და ამცირებს ცვეთის ხარისხს. ამასთან ერთად, ის სახსარშივე უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების დაბალანსებასა და მიკროანთებების პრევენციას.
როგორია ართროპლასტიკის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი?
პაციენტებს, ძირითადად, მეორე დღესვე ვააქტიურებთ მე-4, მე-5 დღეს ვწერთ კლინიკიდან და რეაბილიტაცია სახლის პირობებში მიმდინარეობს. ჩვენი მეთოდისტთა ჯგუფი მათ ინდივიდუალურ გეგმას უდგენს, რა დროსაც მათი ასაკის, სქესის, სხეულის მასის, ცხოვრების სტილის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება ხდება. პაციენტები სწავლობენ რამდენად უნდა დატვირთონ სახსარი, როგორ გადაადგილდნენ სწორად, მათზე მორგებული გეგმით კი ეს პროცესი გაცილებით მარტივი და ხანმოკლეა.