კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში შესაძლოა სახურავის მოხსნა გახდეს საჭირო.
როგორც წულუკიანის დღეს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა, ამას იტალიელი ექსპერტების დასკვნის გამოქვეყნებამდე დარწმუნებით ვერ იტყვის, თუმცა 90%-იანი ალბათობით ვარაუდობს, რომ ეს საჭირო იქნება.
მინისტრის განცხადებით, თუ მისი ვარაუდი გამართლდა, ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება, რამდენადაც ექსპერტები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში თუ სახურავის სრულად მოხსნა გახდება საჭირო, კედლის მხატვრობა, რომელიც ისედაც დაზიანებულია გადარჩება.
„ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი რომელიც ძირითად ტაძარზეა მოწყობილი ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. მეკითხებით რა არის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწევა სამინისტროსთვის და ჩემთვის ეს არის სახურავი, რომელიც მოსახსნელი თუ იქნება და, 90%-ით ალბათ ასეც იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად.
აქ დგება ის ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა, რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ – შეგვიძლია თუ არა ჩვენ რომ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო, ისე რომ უკვე დაზიანებული კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს. იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება ეს დააზიანოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გელათის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენები გამოწვეულია იმით, რომ თავდაპირველი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ძეგლის რესტავრაცია უნდა მომხდარიყო, ხარვეზებს შეიცავდა, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია მათ შორის წულუკიანის თქმით, არც იმ უწყებებმა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ პროცესზე ზედამხედველობა. მეორე მხრივ კი წულუკიანის განცხადებით, სამუშაოებში არაკომპეტენტური პირები იყვნენ ჩართული.
„ვნახეთ, რომ გადახურვას, რომელიც დროებით მოეწყო ზამთარში, ისე ჰქონდა მილები გაკეთებული, რომ ისინი ჩაედინებოდა საძირკველში ან პირდაპირ ესხმებოდა წვიმის წყალი ფასადს. როდესაც ეს კომპანია ცდილობდა დროებითი გადახურვის მოწყობას, ახალ პრობლემებს ქმნიდა. შესაბამისად, ჩვენ მაშინვე გავეცით რეკომენდაცია ძეგლთა დაცვის სამინისტროზე, მილები მოწესრიგდა და წყალი მართლაც განერიდა ძეგლს.
დღეს ყველა ჯგუფის წარმომადგენელი თანხმდება იმაზე რომ გელათში წყალი აღარ ჩაედინება და მიმდინარეობს შრობის პროცესი. შედეგი რაც დაგვხვდა გახლავთ ის, რომ კედლის მხატვრობა ძირითად ტაძარში რამდენიმე ადგილას არის სერიოზულად დაზიანებული ამას ადასტურებს ჩვენ მიერ იუნესკოს ეგიდით მოწვეულ ექსპერტთა მისია. ასევე სახურავის როგორც პროექტს ასევე იმ ხარვეზიანი პროექტის შედეგად შესრულებულ პროდუქტსაც აქვს სერიოზული პრობლემები,“ – განმარტა კულტურის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, გელათის კრამიტით გადახურვა ისე დაიწყო, რომ მასალებს შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩასტარებია. მიმდინარე წლის ივნისში კი აღმოჩნდა რომ არც წითელი და არც თეთრი კრამიტი, რომელსაც ტაძრის გადახურვისთვის იყენებენ, არ აკმაყოფილებდა ყინვა და წყალმედეგობის სტანდარტს:
ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს – წულუკიანი ლიტერაზე
„აღმოჩნდა რომ სახურავზე კრამიტი დაიგო ისე, რომ ექსპერტიზა არ ჩატარება. ამის შემდეგ, როდესაც უკვე მე მომეცა შესაძლებლობა გადამენაცვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ივნისშივე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დადო, რომელიც კრამიტს ეძღვნება.
ჩვენ როგორც წითელ ასევე თეთრ კრამიტს ჩავუტარეთ ექსპერტიზა და აღმოჩნდა რომ არცერთი მათგანი არ უძლებს ყინვამედეგების და წყალმედეგობის სტანდარტს. ჩვენ პირველად სწორედ ამ დროს ჩავატარეთ ექსპერტიზა იმ დუღაბზე რომელიც მოთავსებულია სახურავის ხის სტრუქტურასა და კრამიტს შორის.
პროექტის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო კირდუღაბი… აღმოჩნდა რომ არის ამ დუღაბში კირის შემცველობა, მაგრამ არის ძალიან ბევრი სილიციუმის ნაერთები. ანუ ის ეჭვი რომ კომპანია „იკორთა 2007“ არაბუნებრივი მასალებით ამაგრებდა დუღაბს არ იყო დაუსაბუთებელი.
შესაბამისად, ვიღებთ სიტუაციას როდესაც ძირითად ტაძარს ამ ადამიანების ძალისხმევით და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უყურადღებობის შედეგად, ადევს თავზე ხუფი რომელიც არ აძლევს საშუალებას მარტივად აორთქლება მოხდეს და ვენტილაციის სერიოზული პრობლემები არსებობს.“ – დასძინა თეა წულუკიანმა.
დღეს ქართული თეატრები შეჰყურებენ 2-3 ღვაწლმოსილ, ხანდაზმულ რეჟისორს – წულუკიანი