თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე.
„ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან ჯერ არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.
მთავარია, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი. დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე ცუდი იქნება, თუ “დელტასა” და “ომიკრონის” თანხვედრა იქნება.
„დელტა“ ვირუსით ინფიცირებულს, თუ განმეორებით „ომიკრონი“ დაემატება, ეს დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია“, – აღნიშნავს ტაბიძე.
ცნობისთვის, 6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 234, ხოლო გარდაიცვალა 63 ადამიანი.