LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში – ქემოკლიძე კალაძეს პასუხობს

471
1

თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომას, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, დღეს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე აფასებს.

ქემოკლიძე გამოეხმაურა თბილისის მერის ერთ-ერთ რეპლიკას, რომლითაც მან “საქართველოსთვის” წარმომადგენელ გიორგი შარაშიძეს მიმართა: “ძალიან უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს” – თქვა კახა კალაძემ.

ამის საპასუხოდ კი ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულონ, მაგრამ ვერ დაადანაშაულებენ ვერც კორუფციაში და ვერც ნეპოტიზმში:

“გიორგი გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში, საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება, სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ.

ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით, ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი, ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერც ერთი მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით, ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და, რაც მთავარია, კორუფციის, ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”, – თქვა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძის შეფასებით, თბილისის საკრებულოს გუშინდელი სხდომა “არასოლიდურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო”:

“გუშინდელი საღამო ზოგადად რომ შევაფასო, ვისურვებდი, ბევრად უფრო შინაარსიანი, ბევრად უფრო სოლიდური ყოფილიყო. საკრებულოში გუშინდელი შეხვედრა არასოლიდურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს, კითხვას ასმევინებდნენ, უსმენდნენ – ეს მხოლოდ მმართველ პარტიას არა, ოპოზიციასაც ეხება –  მივიღეთ მასკარადი და უკბილო ხუმრობები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის საკრებულოს რეპუტაციისთვისაც.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g