LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ევგენიძის საახალწლო მორთულობა, ულამაზესი ნაძვის ხე და დედისა და ბებიის რეცეპტებით მომზადებული გოზინაყი და ბაჟე

1196
264389163-938245983748171-2603521892462721156-n

ტელესახე ლიკა ევგენიძე ახალ წელს სახლში, შინაურ გარემოში, მეუღლესთან ერთად შეხვდება. ნაძვის ხე უკვე აწყობილია, საახალწლო მენიუც შედგენილი, ძირითადად, ტრადიციული კერძებით და საჩუქრებიც შერჩეულია…

ლიკა, შენი საახალწლო ტრადიციების შესახებ მოგვიყევი…

ბავშვობაში, ახალი წელი ოჯახთან ერთად ყოფნასთან ერთად ასოცირდებოდა, როცა ყველა ვიკრიბებოდით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მიყვარს ეს დღესასწაული. რაც ასაკი მომემატა, გარეთ მიწევს ხოლმე შეხვედრა. ხან კონცერტის წამყვანი ვარ ხოლმე… ხან რა ხდება. წელს, მგონი, სახლში შეხვედრა მოგვიწევს, რაც ძალიან მიხარია.

ერთადერთი განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ როგორც დეკორაციას, ფორთოხლებს ვკიდებთ ნაძვის ხეზე. დაჭრილი გამშრალი ფორთოხლების ნაჭრებს ლენტებს ვაბამთ და ასე ვკიდებთ. ეს ტრადიცია დიდი ხანია, გვაქვს. ჩვენი ოჯახის ახლობელს დაესიზმრა მამაჩემის გარდაცვლილი და, ის უყრიდა ფორთოხლის ნაჭრებში ლენტებს და ასე კიდებდა ნაძვის ხეზე. სიზმარში უთხრა, რომ თქვენც ასე გააკეთეთო და მას მერე ჩამოგვიყალიბდა ტრადიციად.

ზოგადად, ძალიან მიყვარს საშობაო დეკორაციები. ვცდილობ, ადრე მოვრთო, რომ ეს სიამოვნება გავიხანგრძლივო. ნაძვის ხის სათამაშოებს ვაგროვებ. ეს არის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ვცდილობ მივამატო ყოველ წელს, ორი-სამი ცალი მაინც. მომწონს ვინტაჟური გავლენის სათამაშოები, თუმცა არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ვინტაჟი იყოს. შუშის სათამაშოებიც მომწონს, ფიგურები. ჩემი სათამაშოები შერეულია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჭრელია, უფრო მეტად ოქროსფერ, წითელ, მუქ მწვანე და ბრჭყვიალა ფერებშია.

რადგან კერძო სახლში ცხოვრობ, გარე დეკორსაც ხომ არ აკეთებ?

კარგი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამიკეთებია, რადგან დრო არ მაქვს. რაც შეეხება სახლის შიდა მორთულობას, ჩემი სახლი ისედაც ძალიან ჯადოსნურად არის განათებული, მიყვარს განათებები, დაბალი შუქი, ისედაც მყუდრო გარემოა. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა შემოხვიდე, ისედაც ტოვებს მორთულის შთაბეჭდილებას. ახლა, როცა ნაძვის ხე დავდგით, გარემო კიდევ უფრო განათდა, თან, ბუხარიც გვაქვს.

ბავშვებს, ალბათ, განსაკუთრებულად უხარიათ…

ბავშვები ახლა აქ არ არიან, ამერიკაში არიან მამასთან ერთად. ასე გვაქვს განაწილებული, რომ ახალ წელს იქ ხვდებიან და იანვარში ჩამოვლენ.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას…

ძალიან მიყვარს სუფრის განწყობა, წითელი სანთლებით, ლამაზად. გოზინაყსაც ყოველთვის ჩემით ვაკეთებ, დედაჩემის რეცეპტით. ულუფებს ზუსტად ვიცავ.

ლიკა ევგენიძის გოზინაყის რეცეპტი:

5 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

200 გრ. თაფლი

ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი

წამოვადუღებ თაფლს, როცა გათეთრდება, შემდეგ ვურევ ნიგოზს, ვაცლი, რომ კარგად მოიხალოს თაფლთან ერთად, დაბალ ცეცხლზე და ბოლოსკენ ვაყრი შაქარს, რომ მერე კნატუნა იყოს. უგემრიელესი გამოდის.

ძალიან მიყვარს ტრადიციული გემოები, რაც ბავშვობიდან მახსოვს. ბებიაჩემმა, კირა ანდრონიკაშვილმა, მასწავლა ბაჟე, რომელიც მზადდება ბროწეულის წვენით. ბაჟეს წყლის მაგივრად, ბროწეულის დაწურულ წვენს უმატებ. იმ რაოდენობაზე, რასაც ვაკეთებ ხოლმე, ხუთი ცალი მყოფნის. საოცრად გემრიელი ბაჟე გამოდის. მახსოვს, კირასთან მისვლა მიყვარდა, რადგან ეს ბაჟე ჰქონდა სულ… მერე მეც მასწავლა.

ახლა ვიყიდე ძალიან ლამაზი სუფრა. ჩემი მეგობარი აკეთებს, ულამაზესი ნახატებით, Moodo Store ჰქვია. თეფშები თეთრია, ოქროსფრით და ვიცი, რომ ძალიან მოუხდება. სუფრაზე ბევრი სანთელი უნდა იყოს… და რაც ყველაზე მთავარია, ესაა კარგი განწყობა…

როგორ იქმნი კარგ განწყობას?

მედიტაციით… როგორც კი გაღიზიანება შემოდის, მეხმარება, რომ სულიერი სიმშვიდე დავიბრუნო და პრობლემას გავუმკლავდე. როცა პრობლემაა, უნდა გადაჭრა, ან თუ ვერ გვარდება, უბრალოდ, უნდა მიიღო. მეც მიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ვცდილობ…

საჩუქრების ტრადიცია გაქვთ?

რასაკვირველია. აქედან ბავშვებს ამერიკაში ვუგზავნი ხოლმე საჩუქრებს, კარგია, რომ ონლაინ გამოწერა არსებობს. მე და ნიკაც, რა თქმა უნდა, ვცვლით საჩუქრებს. ასევე მეგობრებთან ერთად ვთამაშობ საიდუმლო სანტასაც…

რადგან ახალ წელზე ვსაუბრობთ, ბოლოს, მინდა ყველას ვთხოვო, – რომ ახალ წელს აივნიდან ფოიერვერკებს რომ ისვრიან, ძალიან დიდი საშიშროების შემცველია. ცხოველებს დიდ ზიანს ვაყენებთ, ადამიანებიც ზიანდებიან და ძალიან დიდი მოფრთხილება გვმართებს ყველას. სამწუხაროა, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია