დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ პარლამენტის წინ, პარასკევს, 10 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა, მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, გელით ყველას პარასკევის საღამოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.