LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მარსზე დიდი რაოდენობით წყალი აღმოაჩინეს

470
marss

მარსზე მდებარე უზარმაზარ კანიონში, რომელსაც მეცნიერები გრანდ კანიონის მოზრდილ ვერსიას უწოდებენ, დიდი რაოდენობით წყალბადი აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია “ევროპის კოსმოსური სააგენტოსა” და რუსეთის ერთობლივი ორბიტერის, ExoMars-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.

წითელ პლანეტაზე მდებარე მარინიერის ხეობა 4000 კილომეტრის სიგრძის კანიონებს აერთიანებს. აღმოჩენა სწორედ აქ, ზედაპირიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე გაკეთდა. წყალი აღმოჩენილია როგორც მინერალებში, ასევე მიწისქვეშა ყინულის სახით.

ახალი კვლევის ავტორის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის ფიზიკოსის, იგორ მიტროფანოვის განცხადებით, ორბიტერზე არსებულმა ახალმა ტექნოლოგიებმა მეცნიერებს მარსის რელიეფის უკეთ კვლევის საშუალება მისცა და ახალი აღმოჩენაც ამ ტექნოლოგიების დამსახურებაა.

ExoMars-ის ინსტრუმენტი, სახელად FREND (Fine Resolution Epithermal Neutron Detector) წითელი პლანეტის ზედაპირზე შუქის ასახვის ნაცვლად ნეიტრონებს აფიქსირებს. შედეგად, ის მარსის ზედაპირის ქვეშ ერთ მეტრ სიღრმემდე წყალბადის შემცველობას ხედავს.

მისი თქმით, მარინერის კანიონების უზარმაზარ სისტემაში ინსტრუმენტმა გამოავლინა წყალბადით უჩვეულოდ მდიდარი ზონა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს წყალბადი წყლის მოლეკულებში შედის. როგორც ჩანს, ამ რეგიონის ზედაპირქვეშა მასალების თითქმის 40 პროცენტი წყალია.

მარსზე წყლის არსებობის შესახებ აქამდე უკვე იყო ცნობილი. მისი დანახვა შესაძლებელია პლანეტის პოლუსებთან, ყინულის სახით. წყლის დიდი ნაწილი თითქოს სწორედ იქ უნდა იყოს თავმოყრილი, რადგან ეკვატორთან ზედმეტად თბილა, რათა ზედაპირზე ყინული წარმოიქმნას.

კვლევის ავტორების თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ მარინერის ხეობის ცენტრალური ნაწილი წყლით შეიძლება იყოს სავსე — გაცილებით მეტი წყლით, ვიდრე წარმოიდგენდნენ. ეს რეგიონი ძალიან ჰგავს დედამიწის მრავალწლოვანი მზრალობის რეგიონებს, სადაც მუდმივად დაბალი ტემპერატურის გამო, წყალი გაყინული სახით არსებობს.

მიტროფანოვი ამბობს, რომ ზუსტი პასუხის მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო, რომლებიც პასუხს გასცემს არაერთ საინტერესო კითხვას არა მხოლოდ იმ გარემო პირობათა შესახებ, რომლებიც პლანეტის ეკვატორთან წყლის არსებობის საშუალებას იძლევა, არამედ გვიჩვენებს იმასაც,თუ რა ფორმით არის იქ ეს წყალი. აღმოჩენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მარსის სამომავლო კვლევებისთვის. ნებისმიერი ეკიპაჟიანი მისია დიდი ალბათობით სწორედ ეკვატორის სიახლოვეს დაეშვება, თუ მათ ზუსტი ინფორმაცია ექნებათ ზედაპირიდან არც თუ ისე დიდ სიღრმეში არსებული წყლის მარაგთან დაკავშირებით.

„იმის ცოდნა, თუ სად და როგორ არსებობს დღევანდელ მარსზე წყალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა მოხდა შორეულ წარსულში წითელ პლანეტაზე, რომელიც წყლით ძალიან მდიდარი იყო“, — აცხადებს “ევროპის კოსმოსური სააგენტოს” ფიზიკოსი, კოლინ  უილსონი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g