ბიზნესლიდერთა ფედერაციის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება – ნაძვის ხესთან და მის სათამაშოებთან დაკავშირებით დიდი სენტიმენტი აკავშირებს, ისევე, როგორც 31 დეკემბრის მენიუსთან, რომელიც ბავშვობას ახსენებს და ცდილობს, თავის შვილებსაც გამორჩეულად დაამახსოვროს…
მინდა გკითხო, რა მოგყვება ბავშვობიდან საახალწლო ტრადიციებიდან და ამ კალათას უკვე დიდობაში რა შემატე?
ნინა კობახიძე:
პირველი ტრადიციაა ის, რომ სადაც უნდა ვიყოთ და რაც უნდა ხდებოდეს, ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. ჩემი ბავშვობიდან ასე იყო და ახლაც ვაგრძელებ. პირველ იანვარს ჩემმა მეუღლემ დაამკვიდრა ტრადიციად და მეც ძალიან მომეწონა, რომ ჩვენთან სახლში ჩვენი მეგობრები მოდიან. მკვდარი რომ ვიყო, 1-ში მაინც ვაკეთებ ამ შეხვედრას (იღიმის). რასაკვირველია, ბავშვობიდან გადმომყვა კერძები, თავისი სპეციფიკური მომზადების წესებით, რომელთაც აუცილებლად ვიცავ.
სურვილების ჩაფიქრებასა და საჩუქრებზეც მოგვიყევი…
ჩვენ ძალიან სულსწრაფი ოჯახი ვართ, 25-დან, შეიძლება უფრო ადრეც იწყება საჩუქრების მომზადება. ყველამ ვიცით, ვინ რას ვჩუქნით ერთმანეთს. ჩემი უფროსი ქალიშვილი, ქეთო ამ მზადებას ზოგჯერ პირველი დეკემბრიდანაც იწყებს ხოლმე. წელს ჩემი „შეკვეთა“ ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა – ჩემს ქმარს ვთხოვე, თავისით რომ მოძრაობს, ის მტვერსასრუტი ეყიდა. კარგა ხანს არ სჯეროდა და რამდენჯერმე გადაამოწმა, რომ საახალწლოდ ნამდვილად ეს საოჯახო ნივთი მინდოდა… წინა წლებში უფრო მეტად პირადი ნივთები მინდოდა, ახლა ამან მომხიბლა.
სურვილების ჩაფიქრებას რაც შეეხება, 31 დეკემბრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩავიფიქრებთ ხოლმე. მოკლედ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითქმის ყველა ტრადიციას ვიცავთ…
31 დეკემბერს სახლიდან არასდროს გადიხარ, ხომ?
ერთადერთი შემთხვევა იყო, რადგან პანდემიის გამო ისედაც სახლში ვიყავით მთელი წელი ჩაკეტილები, მთელი სამეგობრო შევიკრიბეთ, შვილებთან ერთად და ბორჯომში გავემგზავრეთ, სადაც ახალ წელს შევხვდით. წელს ამერიკაში მივემგზავრები, მაგრამ 29 დეკემბერს უკან ვბრუნდები, სასწრაფო წესით, რომ ოჯახის გარეშე ახალ წელს არ შევხვდე. 99%, სავარაუდოდ, სახლში ვიქნები. ამ დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება კარგად მაქვს დაცდილი და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მეკვლეობას აქცევ ყურადღებას?
ძალიან მჯერა ამ ამბის, ჩასაფრებული ვარ… რამდენიმე წელი, ჩემი მეკვლე ჩემი მეგობარი იყო, რაც ძალიან კარგად მქონდა დაცდილი. ბოლო წლებია, ჩემი მეუღლის მეგობარი მოდის ხოლმე. ადამიანი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ და ვიცით, რომ სიკეთის მეტი არაფერი უნდა ჩვენთვის, ის გვინდა მეკვლედ. მეკვლემდე არავის ვუშვებთ სახლში. მეც ხშირად ვარ მეკვლე, მგონი, გაამართლა ჩემმა მისვლამ.
სახლის საახალწლო მორთულობას რა ტენდენციების მიხედვით აწყობ?
როდესაც წყნეთში ვცხოვრობდი, მთელ სახლს ვრთავდი, ეზოსთან ერთად. თუ წყნეთში ვატარებთ ახალ წელს, დიდი საახალწლო მორთულობა გვაქვს, თბილისის სახლში მხოლოდ ნაძვის ხეს და ერთ კუთხეს ვრთავთ. წელს ჩემმა უმცროსმა შვილმა გამოაცხადა, ნაძვის ხე ტყუილად დგას, დიდ ადგილს იკავებს, ბურთს ვეღარ ვთამაშობო… მაინც შევთანხმდით, რომ ნაძვის ხე უნდა დაგვედგა (იცინის).
ჩემს ნაძვის ხეს დიდი ისტორია აქვს. როცა ამ სახლში გადმოვედით, გერმანიაში ვიყავი, სადაც ეს ნაძვის ხე შევარჩიე, თავისი სათამაშოებიანად. სადმე უცხო ქვეყანაში რომ მივდივარ, ტრადიციად მექცა სათამაშოების იქ ყიდვა. ღია ვარდისფერი სათამაშოები მაქვს და ყოველ წელს ვამატებ. ახლა მაქვს დიდი სენსიტივი საახალწლო სათამაშოებთან დაკავშირებით, ალბათ, გაგიგიათ ჯორჯ კობი, ანუ კობახიძე, ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელმაც ნაძვის ხის პირველი შუშის სათამაშოები გააკეთა. ახლა შევუკვეთე ეს ვინტაჟური სათამაშოები და 28 დეკემბერს ჩამომივა. „იბეიზე“ ვიყიდე, ვიღაცის სახლიდან… დავაკვირდი იმას, რომ ნაძვის ხის გაშლით და აწყობით, ძირითადად, დიდები ვერთობით და არა ბავშვები…
ასტროლოგიას საახალწლოდ რამდენად აქცევ ყურადღებას?
მაინტერესებს ხოლმე ინფორმაცია. ქვეცნობიერად არის მაინც ინტერესის საგანი, როგორ შევხვდეთ, როგორი წელი იქნება და ა.შ. მგონია, ვეფხვის წელი სიძლიერის წელი უნდა იყოს. ეს ქვეყანაც, იქნებ, ცოტა გაძლიერდეს… ეს არის ჩემი დიდი სურვილი.
საახალწლოდ გარდერობიდან ლურჯ ფერს შეარჩევ?
მინდა, ოქროსფერი კაბა მეცვას. ბავშვობასაც მახსენებს და ტრენდულიცაა. თუ გახსოვთ, ჩვენს მშობლებს ახალ წელს სულ ოქროსფერი ეცვათ ხოლმე. ვეფხვი მაინც ოქროსფერს უკავშირდება. ყოველ წელს განსაკუთრებულად ვამზადებ საახალწლო გარდერობს. ამ შანსს ვიყენებ და ყოველთვის ვცდილობ, ვიყო გამპრანჭული ახალი წლის ღამესაც და შემდეგ დღეებშიც. კორონას შემდეგ სახლიდან გამოსვლა რომ დავიწყეთ, პოზიტიურად მოქმედებს განწყობაზე სამოსის შერჩევაც.
როგორი იქნება შენი მენიუ 31 დეკემბერს?
რასაკვირველია, ვამზადებ გოზინაყს, აუცილებლად ღია ფერისას, გემრიელსა და მტვრევადს, ასევე საცივს. გვაქვს ტრადიციული ქართული მენიუ, თუმცა ვცდილობ, დავამატო განსხვავებული კერძები. მინდა, ჩემმა შვილებმა გაიხსენონ ხოლმე, რომ ახლა წელს სახლში განსხვავებული საჭმელიც მზადდებოდა. ბეზეს ტორტი გვქონდა ხოლმე ბავშვობაში, რასაც ახლაც ვაცხობ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ჩემს შვილებსაც პოზიტიურად გაახსენდებათ. ყოველ წელს რაღაცას ვამატებ, მაგალითად, თევზის ნაირსხეობას. წელს ვფიქრობ, რომ ხორცის განსხვავებულ სახეობას დავამატებ. მენიუს მომზადებაში მეხმარებიან დედაჩემი და ჩემი დამხმარე, თუმცა ძირითად კერძებში თავად ვარ ჩართული.
მოკლედ, ამსხვრევ სტერეოტიპს, რომ ქალი შეიძლება 31 დეკემბერს მთლიანი მენიუს მომზადებაშიც იყოს ჩართული და უამრავ საქმესაც ასწრებდეს…
მჯერა, რომ ქალებს შეუძლიათ, ყველა სფეროში თანაბრად წარმატებულები იყვნენ, როგორც საოჯახო საქმეებში, ისე რთულ და საინტერესო პროფესიებშიც.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი