LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპი „Elven Technologies” მეხანძრეებისთვის შექმნილი ინოვაციური, ცეცხლგამძლე უნიფორმების რეალიზაციას ამერიკულ ბაზარზე გეგმავს  / ”ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

9
@fortuna106.9 (6)

„Elven Technologies” ქართული სტარტაპია, რომელიც მეხანძრეებისთვის ცეცხლგაუმტარი და შიდა გაგრილების სისტემით აღჭურვილი უნიფორმების შექმნაზე მუშაობს. ინოვაციურმა პროდუქტმა უკვე მიიპყრო სხვადასხვა ქვეყნის ყურადღება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულის შემდეგ, კომპანიამ „ჯიტასთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

„ელვენ ტექნოლოჯის“ გუნდმა GITA-ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საბოლოო ჯამში, კომპანიამ პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000 დოლარის ოდენობით დახურა. ამ ეტაპზე კომპანიას დასრულებული აქვს უნიფორმის პროტოტიპი (შარვალი და ქურთუკი). არსებული უნიფორმა არის მხოლოდ ინოვაციური ნაჭრების კომბინაციით შექმნილი და არ მოიცავს გაგრილების სისტემას.

გაგრილების სისტემის გარეშე, „ელვენ ტექნოლოჯის“ უნიფორმა 8 -დან 80 წამამდე ზრდის ცეცხლისაგან და ტემპერატურისგან დაცვას. ამასთან, არსებულ უნიფორმებზე ორჯერ უფრო მსუბუქია. მიღებული ინვესტიციით იგეგმება უნიფორმის ლაბორატორიულ პირობებში მოსინჯვა. ტესტირების დასრულების შემდეგ, კომპანია მზად იქნება პროდუქტის დაპატენტებისთვის და შესაძლებელი იქნება უნიფორმების გაყიდვა.

ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „ბიზნესკურიერში“ეთერში კომპანია „Elven Technologies“ თანადამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ ისაუბრა.

– პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებთ. როგორც ვიცი, თანხის მოძიების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ხართ. რა ვითარებაა ამ მიმართულებით?

– რაც თქვენ თქვით, რომ ჩვენ 160 ათასი დოლარის ოდენობის რაუნდი დავხურეთ, ეს ზუსტად 1 წლის წინ იყო. ზუსტად ამ ფულით, ერთ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ ავაწყვეთ და გავტესტეთ რამდენიმე ახალი უნიფორმა, რეალურად პროდუქტის ხარისხი წინ წავწიეთ. ახლა 5-ჯერ უფრო ხანგრძლივ დაცვაზე ვართ, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული საუკეთესო უნიფორმებია. ამავდროულად, როგორც თქვენც ახსენეთ, სხვა უნიფორმებთან შედარებით, ორჯერ უფრო მსუბუქია.

რეალურად, ამერიკულ ბაზარს ვუმიზნებთ, იმიტომ რომ ამერიკულ ბაზარზე, ზოგადად, ამ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ფული ტრიალებს.  ახლა ვწევთ შემდეგ ინვესტიციას, რომელიც საქართველოში ბოლო ინვესტიციაა, რადგან როგორც კი ამ ინვესტიციას გავწევთ, ამერიკაში გადავდივართ.

– რამდენად ზომიერი ოპტიმიზმით ხართ განწყობილნი? როგორც ვიცი, 1 კვირაში ვადა იწურება..

– მდგომარეობა არის შემდეგი: ვინაიდან „ჯიტას“ 650-იანი გრანტის ნაწილი – 350 ათასი ლარის ოდენობით მოპოვებული გვაქვს, ახლა, ამ წუთას გვჭირდება ამ გრანტის „დასამერჩი“ თანხა. ძირითადი თანხა უკვე შეგროვებული გვაქვს და დაგვრჩა 90 ათასი ლარის, ეს გახლავთ 30 ათასი დოლარი. პრინციპში, ფრიად ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რატომაც არა.

– ახლა რაც შეეხება უშუალოდ „კოსტიუმებს“, ანუ, ამერიკაში გადადიხართ და აპირებთ, რომ თქვენი ტექნოლოგიებით დამზადებული „კოსტიუმები“ ამერიკელ მეხანძრეებს ჩააცვათ…

– პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ ამერიკელ მეხანძრეებს ჩვენი ტექნოლოგიებით დამზადებული უნიფორმები ჩავაცვათ, რადგან ის მატერიების კომბინაცია, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და რომლითაც მეხანძრისთვის, ინოვაციური, ცეცხლგაუმტარი უნიფორმა იქმნება, საკმაოდ ძვირადღირებული მატერიებისგანაა.

დღის მდგომარეობით, მთელს რეგიონში და არამხოლოდ საქართველოში, გაცილებით უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავენ მეხანძრეების უნიფორმებში, ვიდრე ამერიკაში. შესაბამისად, ჩვენ არ გვიღირს გაყიდვა ამ ბაზარზე. უფრო მეტი გვიჯდება მისი შექმნა, ვიდრე ბაზარზე უნიფორმის ფასია.

– ესე იგი, ჯერ ქართველ მეხანძრეებს ვერ ჩააცმევთ?

ჯერჯერობით ვერა, სანამ არ მოვნახავთ გზას, რომ უნიფორმების შექმნის ფასი დავწიოთ, გავაიაფოთ და ნაკლები დაგვიჯდეს, რისთვისაც საჭიროა, ვისწავლოთ ბევრის შექმნა ნაკლებ ფასად. ამისთვის კი საჭიროა დავიწყოთ გაყიდვები, რაც აქ თავიდან ვერ ხდება და შესაბამისად, ამერიკაში უნდა მოხდეს.

– უნიფორმას ანალოგი არ აქვს როგორც ვხვდები…

– ანალოგი ნამდვილად არ აქვს, რეალურად, მთლიან ბაზარზე ძალიან დიდი ევოლუციური ნაბიჯია, მაგრამ მაინც ევოლუციაა, რადგან ამ დროისთვის, ყველაზე კარგი უნიფორმები, დაახლოებით 20 კილოგრამია (ქურთუკი და შარვალი) საუბარი მაქვს ამერიკულ უნიფორმებზე, რაც მეხანძრეებს პირდაპირი ალისგან, მაქსიმუმ 8-10 წამის განმავლობაში იცავს. 10 წამის შემდეგ, ისინი ამ სიცხეში იხარშებიან და ძალიან მაღალია სიკვდილის ალბათობა.

ჩვენ უკვე 40 წამიან დაცვაზე ვართ ასული, რაც 5 ჯერ უფრო ხანგრძლივი დროა და საკმარისია იმისთვის, რომ ალზე საკმარისი რეაგირება მოხდეს და ამასთანავე, უნიფორმა არ დაზიანდეს. საკმარისია იმისთვის, რომ ალმოდებულ შენობაში შეხვიდე და 1 ადამიანი გამოიყვანო, მაგრამ მაინც არაა იმდენი, რამდენიც გვინდოდა.

შესაბამისად, ამიტომ ჩვენ გაგრილების სისტემა შევქმენით, ეს სისტემა პირველად ჩემზე, ლაბორატორიაში გავტესტეთ, ზუსტად 20 წუთი ცეცხლის ქვეშ ვიდექი, უნიფორმას არაფერი დაემართა და პირიქით, შემცივდა კიდეც – აი ეს, უკვე რეალური რევოლუციაა, თუმცა გაგრილების სისტემაზე ჯერ კიდევ სამუშაოა იქამდე, ვიდრე პროდუქტის სახე მიეცემა.

თვითონ მეხანძრის უნიფორმა კი, რომელიც ინოვაციური მატერიებითაა შექმნილი, როგორც პროდუქტი უკვე მზადაა. ამდენად, კომერციას ჯერ მეხანძრის უნიფორმაზე ვახდენთ და შემდეგ უკვე, მოგვიანებით გაგრილების სისტემაზეც გადავალთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g