საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის 1 აგვისტოდან განახლებული ფულადი ბაზრის ინდექსის TIBR (Tbilisi Inter Bank Rate) გამოქვეყნებას იწყებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი ბაზრის ინდექსებს მნიშვნელოვან როლი აქვთ როგორც ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემაში, ისე მთლიანად ეკონომიკაში. ისინი გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის ფასწარმოქმნისას, როგორიცაა: მცურავგანაკვეთიანი ობლიგაციები და საბანკო სესხები, ასევე დერივატივები. ფულადი ბაზრის ინდექსები უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას, ბაზრის მონაწილეთა შორის რისკების გადანაწილებას და საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვას. აქედან გამომდინარე, ისინი ხელს უწყობენ უფრო ეფექტიანი და ლიკვიდური ბაზრის განვითარებას, შედეგად კი უფრო ძლიერი და მდგრადი ფინანსურ სისტემის ჩამოყალიბებას.
”ფულადი ბაზრის ინდექსები ფართოდ გამოიყენება გლობალური ფინანსური სისტემის მიერ, როგორც ბენჩმარკები დიდი მოცულობის და ფართო სპექტრის ფინანსური პროდუქტებისა და კონტრაქტებისათვის. განახლებული TIBR ინდექსი ეხმაურება მსოფლიო ტენდეციას, რომლის ფარგლებშიც, ბოლო წლებში, ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ადგილობრივი საპროცენტო განაკვეთის ბენჩმარკების ფუნდამენტური რეფორმა, მათი მდგრადობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით. ცვლილებების პროცესი ჯერჯერობით ფოკუსირებულია ფართოდ გავრცელებულ ურისკო ერთდღიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის ბენჩმარკებზე, როგორიცაა SONIA (Sterling Overnight Index Average) და EONIA (Euro Overnight Index Average).
დღეისთვის, ბაზრის მონაწილეები მცურავგანაკვეთიან ინსტრუმენტებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ან 3-თვიან სადეპოზიტო სერტიფიკატების განაკვეთს აბამენ. ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ განახლებული TIBR ინდექსი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ლარის საპროცენტო განაკვეთების დერივატივების ბაზრის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ჩაანაცვლებს არსებულ ინდექსებს, როგორც საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთს ფულადი ბაზრისა და უახლოეს მომავალში დერივატივების ინსტრუმენტებისათვის.
TIBR-ის მეთოდოლოგია, რომელიც ფულადი ბაზრების მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, მოიცავს ინდექსის გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესებს. აღნიშნული მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს მონაცემების კონტროლისა და მეთოდოლოგიის გადახედვის პროცედურას.
TIBR-ის მეთოდოლოგიაში ასახულია იმ წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, სადაც ბოლო პერიოდში უკვე განხორციელდა ფულადი ბაზრის ინდექსის მეთოდოლოგიის გადასინჯვა. TIBR-ის ინდექსი ეფუძნება ფაქტიურ გარიგებებს, რაც იმავდროულად ზრდის ინდექსის მიმართ სანდოობას. დამატებით, ინდექსის საიმედოობას განაპირობებს ინფორმაციის მოგროვების და ინდექსის გაანგარიშების პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობა. ბაზრის დინამიურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, რეგულარულად განხორციელდება ინდექსის კალკულაციის მეთოდოლოგიის ბაზრის მონაწილეებთან ერთად განხილვა და საჭიროებისამებრ განახლება.
ახალი ინდექსი ყოველდღიურად, დილის 9 საათზე გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. მეთოდოლოგია და ისტორიული მონაცემები კი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=544”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქამდე, ეროვნული ბანკი, 2008 წლიდან, აქვეყნებდა საკუთარ ვებგვერდზე ერთდღიან და ერთკვირიან ინდექსებს, რომელთა გაანგარიშებაც 2018 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდება და მათ ახალი ინდექსი ჩაანაცვლებს.