LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი – TI განცხადებას ავრცელებს

45
publika.ge---10--2021-1024x683

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი სტრუქტურა — სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) განმარტავს, თუ რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.

როგორც TI აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნებოდა, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პოზიცია იყო, რომ საგამოძიებო ფუნქციებთან შეუთავსებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტროლი, ვინაიდან ერთი უწყების ქვეშ ამ ორი განსხვავებული ფუნქციის მოქცევას შესაძლოა საფრთხე შეექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ეფექტურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობისათვის.

“მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ქართული ოცნების წევრებმა ცვლილებების ინიცირება არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს. ნამდვილი მიზანი კი, როგორც ჩანს, არა რეალური რეფორმის ჩატარება, არამედ სტრუქტურის მექანიკური დაშლა და თანამდებობაზე ახალი პირების არჩევაა”, — აცხადებენ TI-ში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საკითხის შესწავლის გარეშე მოხდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პროცესში არაერთი საკანონდებლო ხარვეზი გამოვლინდა, რაც ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირებას ხელს უშლიდა.

“2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩაატარა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტს საკანონდებლო წინადადებითაც მიმართა. გარდა ამისა, ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთახხმების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან (GDPR) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, TI აღსანიშნავს, რომ სწორედ ამ მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს 2019 წელს წარედგინა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

“პარლამენტს ამ დრომდე არ განუხილავს სახელმწიფო ინსექტორის 2020 წლის ანგარიში, რომელიც მას 2021 წლის აპრილში წარედგინა და მას შემდეგ განხილვის ვადა სამჯერ გააგრძელდა. ამდენად, დაჩქარებული წესით კანონპროექტის ინიცირებამდე მნიშვნელოვანი იყო ზემოაღნიშნული საკითხების საფუძვლიანი შესწავლა და რეალური პრობლემების იდენტიფიცირება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ რეფორმის მიღმა დარჩა. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიზანი რეალური რეფორმის განხორციელება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდაა, მნიშვნელოვანია ყურადღება შემდეგ საკითხებზე ყოფილიყო გამახვილებული:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ და  კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან ( მაგ. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების წესების სრულყოფა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, არასრულწლოვან პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დადგენა და ა.შ.)
  • დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერება, რაც პირველ რიგში უწყების პროკურატურისგან დამოუკიდებლობისა და მისი მანდატის ზრდას გულისხმობს. უწყების გამომძიებელი აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტიანი გამოძების ჩატარების საკმარისი გარანტიებით და უნდა სარგებლობდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებით, მათ შორის ადამიანის უფლებების შემზღუდავი ღონისძიებების, სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვისა და სხვა საკითხებზე.
  • დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურისათვის დევნის ფუნქციის მინიჭება
  • სახელმწიფო ინსპექტორის არა უბრალო უმრავლესობით არჩევა, არამედ მაღალი კვორუმით, რაც უზრუნველყოფდა პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას და გაზრდიდა ინსპექტორის ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს.

“სტრუქტურის რეფორმის მიზეზით, დაუსაბუთებლად პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და ათეულობით საჯარო მოხელისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესად აკნინებს საჯარო სამსახურს, ეწინააღდეგება მისი სტაბილურობის პრინციპს და ასევე, ხელს უშლის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განვითარებასა და მათ მიმართ ნდობის დამკვიდრებას”, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია, ასევე, აცხადებს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გაუმართლებელია. მათივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი, ორ ასეულ გვერდზე მეტს მოიცავს და მისი დაჩქარებული წესით მიღებისას როგორც პარლამენტის წევრები, ასევე დაინტერესებული მხარზეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას საფუძვლიანად გაეცნონ კანონპროექტებს და მასზე სიღრმისეულად იმსჯელონ.

“კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის საჭირო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. მიზეზად მითითებულია, რომ პარლამენტი მორიგ სესიაზე მუშაობას 2022 წლის თებერვლიდან შეუდგება და კანონის მიღება არ უნდა გადადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე. თუმცა იმის ახსნა, თუ რა არის ამ დაჩქარების მიზეზი, არ არის წარმოდგენილი”, — აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის თანახმად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მხოლოდ საგამონაკლისო წესით და შესაბამისი დასაბუთებით არის შესაძლებელი.

“დაუშვებელია პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს საკანომდებლო პაკეტი, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურის რეფორმას ითვალისწინებს. საკანონდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისა და სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციების არ არსებობის ფონზე, როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, ასევე არ გამართულა კონსულტაციები ექსპერტებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არ შექმნილა საკითხზე სამუშაო ჯგუფი და არ ყოფილა კონსულტაცია არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან. კანონპროექტის მიღება და განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს”, — აცხადებს TI.

მათივე თქმით, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შეაჩეროს და რეფორმის ჩატარების მიზნით გამართოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან.

magti 5g