სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მას ვეტოს მოლოდინი ჰქონდა, რასაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აჩენდა.
„ვეტოს მოლოდინი ნამდვილად არსებობდა იმ განცხადების ფონზე, რაც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. დღევანდელ განცხადებასაც თუ დააკვირდებით, ის საკმაოდ საინტერესოა, რადგან ერთის მხრივ, იგი ამბობს ვეტო არ დაადო კანონს, თუმცა, თავადვე ხედავს არაერთ სამართლებრივ პრობლემას ამ საკითხში.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა იმანაც იქონია, რომ პარლამენტის მხრიდან ძალიან ცხადად და ნათლად იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ვეტოს დაძლევდნენ და ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა. ფაქტია, რომ მეც და პრეზიდენტიც ამ პროცესში ძალიან ბევრ სამართლებრივ პრობლემას ვხედავთ. იმ ფონზე, როდესაც კანონი დაჩქარებული წესით არის მიღებული, იმ ფონზე, როცა პროცესები ფაქტობრივად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსპირაციულად, ყველანაირი სპეციალისტის და თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე, იმ ფონზე, როცა არჩევითი თანამდებობა გაუქმდა, რომლის პრეცედენტებიც გვახსოვს საქართველოში და საკონსტიტუციო სასამართლომაც არაკონსტიტუციურად სცნო ეს რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, ვეტოს სამართლებრივი მოლოდინი არსებობდა. მე აბსოლუტურად ვიყავი დარწმუნებული, რომ ვეტო პარლამენტში დაიძლეოდა, რადგან მათი გადაწყვეტილება სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მტკიცე იყო. თუმცა ვეტოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ქვეყნისთვის და ამ სამსახურისთვის და ეს იქნებოდა განაცხადი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ინსტიტუტები, რომლებსაც მკაცრი რეაქცია აქვთ ასეთ სიტუაციაში, როცა ორკესტრირებულად ხდება ასეთი ინსტიტუტის სამ დღეში გაუქმება“, – განაცხადა თოლორაიამ.
ლონდა თოლორაია სამსახურის გაუქმების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს, მოგვიანებით კი, სარჩელს ევროსასამართლოშიც წარადგენს.