რუს ოფიცერთა გაერთიანებამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მოითხოვა, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარი თქვას „ომის პროვოცირების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე“ და გადადგეს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ომის პროვოცირება ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით.
ოფიცერთა გაერთიანების წევრები და ხელმომწერები არიან, როგორც მოქმედი სამხედროები, ასევე ვეტერანები. წერილი კი ყოფილმა გენერალ-პოლკოვნიკმა, ლეონიდ გრიგორევიჩმა გამოაქვეყნა.
ოფიცრები წერენ, რომ უკრაინასთან ომის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს და პუტინი ცდილობს, ძალაუფლება დანაშაულებრივი გზებით შეინარჩუნოს.
„ჩვენ, რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე“, – ნათქვამია მიმართვაში და ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა „ დასავლეთის ერთიანი ძალების წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდება“.
ოფიცრები პუტინისგან ასევე მოითხოვენ „კონსტიტუციის მე-3 მუხლის პრაქტიკაში განსახორციელებლად პირობების შექმნას“, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ძალაუფლების უზურპაციის შეუძლებლობაზეც მიუთითებს.
„და გადადგეს – ეს მესამე მოთხოვნაა“, – წერენ რუსი სამხედროები.
გარდა ამისა, ოფიცრები რეკომენდაციით მიმართავენ პენსიაზე გასულ სამხედროებს და რეზერვში მყოფ ჯარისკაცებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, „იყვნენ ფხიზლები და აქტიურად დაუპირისპირდნენ პროპაგანდასა და ომის გაჩაღებას“, ოფიცრები ასევე საუბრობენ „შიდა სამოქალაქო კონფლიქტის პრევენციის“ აუცილებლობაზე.
ისინი განმარტავენ, რამდენად ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი დაპირისპირება და ამტკიცებენ, თითქოს აქამდე რუსეთი მხოლოდ „იძულებით, სამართლიან“ ომებს აწარმოებდა საფრთხის ასარიდებლად, ახლა კი საფრთხე ქვეყნის შიგნით აქვთ და ამას უნდა მიხედონ. ასეთ საფრთხეს ისინი დემოგრაფიულ პრობლემებში ხედავენ.
„მცდელობები, ულტიმატუმებითა და ძალის გამოყენების მუქარით, აიძულონ რუსეთისა და მისი ხელისუფლების „შეყვარება“, უაზრო და უკიდურესად საშიშია. დღეს კაცობრიობა ცხოვრობს ომის მოლოდინით. ომი დანაკარგი, ნგრევა, ადამიანების ტანჯვა, ცხოვრების ჩვეული სტილის ნგრევა, სახელმწიფოს და ერის სასიცოცხლო საქმიანობების მოშლაა. დიდი ომი დიდი ტრაგედიაა, ეს კი მძიმე დანაშაულია.
ისე გამოვიდა, რომ მოსალოდნელი კატასტროფის ცენტრში აღმოჩნდა რუსეთი და ვფიქრობთ, რომ ეს მის ისტორიაში პირველადაა. აქამდე რუსეთი (სსრკ) აწარმოებდა იძულებით (სამართლიან) ომებს და, როგორც წესი, მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო, როცა ქვეყნის და საზოგადოების სახელმწიფო ინტერესები იყო საფრთხის ქვეშ. და დღეს რა უქმნის რუსეთის არსებობას საფრთხეს, არსებობს ასეთი საფრთხე?“ – ნათქვამია წერილში.
ოფიცრები პუტინის ხელისუფლებას არაკომპეტენტურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ხელოვნურ და ბოროტ ხასიათს ატარებს.
„რაც შეეხება გარე საფრთხეებს, ისინი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ, ჩვენი ექსპერტული შეფასებით, ეს საფრთხეები ამჟამად არ არის კრიტიკული და პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან რუსეთის სახელმწიფოებრიობის არსებობას, მის სასიცოცხლო ინტერესებს.
მთლიანობაში, სტრატეგიული სტაბილურობა შენარჩუნებულია, ბირთვული იარაღი ნატოს ძალების საიმედო კონტროლს ექვემდებარება და არ ავლენენ მუქარას“, – წერენ ისინი.
ოფიცრები ამბობენ, რომ რუსეთი შიდა და საგარეო პოლიტიკის შედეგად ხელს კრავს თითქმის ყველა მეზობელს. მათივე თქმით, ომის შემთხვევაში რუსეთს მოუწევს არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ბრძოლა.
„უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში – კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას; მეორე – რუსებს და უკრაინელებს სამუდამოდ სასიკვდილო მტრებად აქცევს; მესამე – ორივე მხრიდან ათასობით, ათი ათასობით ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანები დაიღუპებიან, რაც აისახება ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
ბრძოლის ველზე, თუ ეს მოხდება, რუსული ჯარები შეეჯახებიან არამხოლოდ უკრაინელ სამხედროებს, რომელთა შორის ბევრი რუსი იქნება, ასევე ნატო-ს ქვეყნების სამხედროებსა და ტექნიკას, ალიანსის წევრი ქვეყნები კი ვალდებული იქნებიან, რუსეთს ომი გამოუცხადონ.
ერდოღანმა გასაგებად განაცხადა, ვის მხარეს იბრძოლებს თურქეთი. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ორ საველე არმიას და ფლოტს უბრძანებენ „გაათავისუფლონ“ ყირიმი და სევასტოპოლი, ასევე, შესაძლოა, კავკასიაში შეჭრაც“, – აღნიშნავენ ისინი.
ამასთან,, ოფიცრები ამბობენ, რომ რუსეთს შეიყვანენ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო უსაფრთხოებას, დააკისრებენ სანქციებს, გარიყავენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან და შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი.
მათივე თქმით, ასეთი შედეგების არდანახვა პრეზიდენტს, მთავრობას და თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლიათ, რადგან „ამდენად სულელებიც არ არიან“. ამიტომ სვამენ კითხვას: „რა არის რეალური მიზანი დაძაბულობის პროვოცირების და ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებების შესაძლო განვითარების?“ – ამ კითხვას ისინი თავადვე სცემენ პასუხს და ფიქრობენ, რომ პუტინი ცდილობს დანაშაულებრივი გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება და რუსი ხალხი გაანადგუროს.
„ჩვენი აზრით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ იმის გაცნობიერებით, რომ არ ძალუძს ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოყვანა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ხალხის აჯანყება და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა – ოლიგარქების, კორუმპირებული ჩინოვნიკების, მოსყიდული მედიის და ძალოვნების მხარდაჭერით გადაწყვიტა გაეაქტიურებინათ პოლიტიკური ხაზი რუსული სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის საბოლოო განადგურებისთვის.
ომი კი საშუალებაა, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას, რათა გარკვეული დროით შეინარჩუნონ თავისი ანტიეროვნული ძალაუფლება და ხალხისგან მოპარული სიმდიდრე. სხვა ახსნას ვერ შემოგთავაზებთ“. – წერენ ისინი.
როგორც რუსული მედია წერს, ოფიცრების წერილი მათ ვებგვერდზე 31 იანვარს გამოქვეყნდა, თუმცა ყურადღების ცენტრში ახლა მოექცა.
