LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე: უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეჭრისთვის აუცილებელი სამხედრო ძალის და ტექნიკის 70%-ია მობილიზებული, დანარჩენი 30% გზაშია

118
20191030134607

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს მოსკოვში ჩადის.

მან რუსეთის ლიდერთან უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის თაობაზე იმსჯელოს. ამის შემდეგ, კი მაკრონი კიევს ეწვევა.

ორივე ვიზიტი მოლაპარაკების მცდელობაა უკრაინის გარშემო კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით.

უკრაინა-რუსეთს შორის პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

რამდენად იქნება თანახმა მოსკოვი, რამდენად აირჩევს დიპლომატიურ გზას დაძაბულობის განსამუხტად? რას დათმობენ მხარეები სიტუაციის დეესკალაციისთვის?

„ჯერჯერობით მსოფლიო ძირითადად განიხილავს მაინც სამხედრო სცენარებს და ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნდება ლამის აპოკალიპტური პროგნოზები ერთი მხრივ გერმანულ მედიაში, მეორე მხრივ ამერიკულში. ქვეყნდება ინფორმაცია თებერვლის დასაწყისში კონგრესში გამართული მოსმენების თაობაზე, რომლის მოკლე შინაარსიც გახლავთ შემდეგი, რომ 15 თებერვლიდან 2 კვირის ფარგლებში, გაცილებით მაღალია ალბათობა რუსეთის შეჭრისა უკრაინაში.

ამჟამად, უკრაინის საზღვრის გასწვრივ არის რუსეთის შეჭრისთვის აუცილებელი სამხედრო ძალის და ტექნიკის 70% მობილიზებული და დანარჩენი 30% გზაშია.

ასევე ძალიან სახიფათო მოძრაობები შეინიშნება რუსეთის სამხედრო გემების, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის მიმართულებით, რაც ამერიკის დაზვერვას აფიქრებინებს, რომ სწორედ 15 თებერვლიდან 2 კვირის შუალედში არის ყველაზე დიდი ალბათობა რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის და იქ საუბარი იმაზეც კია, რომ 72 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღების ასეთი მასშტაბის მობილიზებას შეუძლია აიღოს კიევი. რეალურად აპოკალიპტურ სცენარზე, რამდენიმე ათეულ ათას მსხვერპლზეა საუბარი.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ადრე თუ გვიან მისი მომდევნო სამიზნე საქართველო იქნება…. რამდენად დიდია მოვლენათა განვითარების ამგვარი ალბათობა?

სწორედ აპოკალიპტური მოლოდინების გამო დიპლომატიური ძალისხმევა არის მაქსიმალურად გააქტიურებული, სწორედ ახლა საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი, ასევე გერმანიის უმაღლესი თანამდებობების პირების ვიზიტები იგეგმება როგორც მოსკოვში, ისე კიევში. ისინი კონკრეტული წინადადებებით ჩადიან, თუმცა მათი წინადადებები უკრაინის მხრიდან დათმობას უფრო ითვალისწინებს.

რამდენად იქნება უკრაინა ამისთვის მზად ეს მთავარი საკითხია ამ შემთხვევაში და ალბათ ითვალისწინებს იმას, რომ მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს უკრაინამ, რაც საბოლოო ჯამში, ნატოში უკრაინის შესვლაზე ვეტოს უფლებას ითვალისწინებს.ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესები.

რაც შეეხება საქართველოს მიმართულებით სამხედრო აგრესიის თემას.

ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინასთან როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, დადგება თუ არა შედეგი მოლაპარაკებების შემდგომ და აღმოჩნდება თუ არა რუსეთი იმ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე, რომ სახე შეინარჩუნოს საკუთარ ამომრჩეველში.

თუ დასავლეთის ზეწოლა იქნა იმდენად რეალისტური და საშიში პუტინისთვის, რომ მან უარი თქვა სამხედრო ოპერაციაზე უკრაინის მიმართულებით, ასეთ შემთხვევაში, საფრთხე შეიძლება უფრო რეალური გახდეს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, დაბალ ღობედ საქართველო მიიჩნიოს და საქართველოში განხორციელდეს კიდევ ერთი “წარმატებული” რუსული სამხედრო ოპერაცია.

მაგრამ ამ ეტაპზე ამისი ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ბუნებრივია, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის აგრესიების პრევენცია მოახდინოს და ამ მიმართულებით დასავლეთთან უნდა იყოს მუდმივ კომუნიკაციაში.

დღევანდელი საფრთხის დაბალი დონე არ ნიშნავს, რომ საფრთხის დონე ერთბაშად არ აიწევს. ამიტომ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყოს ქვეყანა.

და ამ მზადყოფნის პირველი რიგის ამოცანა არის დასავლეთის ქვეყნებთან კომუნიკაციები და ამ საფრთხეების ერთობლივი ანალიზი და ერთობლივი პრევენცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g