LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ურთულესია, როდესაც გიწევს შენი სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების დატოვება… ფაქტობრივად შენს გულის ტოვებ სამშობლოში” – თაკო გაჩეჩილაძის და ანრი ჯოხაძის სიმღერის პრემიერა

13
Untitled-2

4 თებერვალს, თაკო მელიქიშვილის გადაცემაში „რადიო დუეტი“ ანრი ჯოხაძის და თაკო გაჩეჩილაძის ახალი ნამუშევრის „დეკემბერი“ პრემიერა შედგა. თაკომ რადიო „არ დაიდარდო“-ს მსმენელს, ქუჩის ბიჭების სიმღერის „გელოდები შენ“ ახალი ვერსიაც წარუდგინა.

-როგორ შეიქმნა სიმღერა „დეკემბერი“ ?

ანრი: ეს ნაწარმოები ჩემთვის ძალიან საყვარელ, დიდ კომპოზიტორს ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის. ამ სიმღერას ჩვენს ბავშვობაში მერაბ სეფაშვილი და დარეჯან გურასაშვილი ასრულებდნენ. გამორჩეულად მიყვარს ეს ნამუშევარი, ჩემი საყვარელი ქართული სიმღერების ხუთეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს ვერსიას, უნიჭიერეს ადამიანს, ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. წლევანდელ საახალწლო კონცერტზე მოგვიწია მე და თაკოს ამ სიმღერის, ასეთი ვერსიით შესრულება და ძალიან მიხარია, რომ ეს სიმღერა გაჩნდა ჩემს რეპერტუარში და ბედნიერი ვარ, რომ თაკოსთან ერთად შევასრულე.

თაკო: მეც ძალიან მიხარია. მე და ანრის აქამდეც გვაქვს ჩაწერილი რამდენიმე საერთო დუეტი, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია.

-თაკო, რამდენიმე დღეში ბრუნდები ვენაში, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობ. რამდენად რთულია შენთვის საქართველოსგან მოშორებით ცხოვრება?

-საშინელებაა… ხუთი წელი ხდება, რაც ვენაში ვცხოვრობ და ძალიან შევედი ემიგრანტების მდგომარეობაში. ურთულესია, როდესაც გიწევს შენი სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების დატოვება. ფაქტობრივად შენს გულის ტოვებ სამშობლოში და მიდიხარ სხვა ადგილას , რომელსაც არ ეკუთვნი, რაც არ უნდა კარგად იყო იქ მოწყობილი. ძალიან კარგი და ლამაზია ვენა, ზოგს უკვირს, რატომ მინდა საქართველოში დარჩენა და არ მინდა წასვლა, მაგრამ რა ვქნა, ჩემია და ყველაზე ძალიან მიყვარს, იქ ვერ ვძლებ. კიდევ კარგი, ხშირად ვახერხებთ ჩამოსვლას, სხვანაირად ალბათ დეპრესიაშიც ჩავვარდებოდი.

-ამ წლების განმავლობაში მუსიკალური პაუზაც გქონდა…

-ევროვიზიის შემდეგ არ მიმღერია, ეს ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი დროა. ვერც ვაანალიზებ, რომ 5 წელი გავიდა. ეს ჩემთვის იგივეა, რომ ციხეში ჩამსვა და გალიაში მამყოფო, რადგან 8-9 წლიდან ვდგავარ სცენაზე. ვერ გეტყვით ამდენი ხანი როგორ გავძელი. ახლა, ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩემს პროფესიას. გარდა იმისა, რომ ახალ წელს გვქონდა გამოსვლა მე და ანრის და ახალი ნამუშევარიც შევთავაზეთ მსმენელს, ვამზადებ სოლო ალბომს, სადაც ინგლისურენოვანი სიმღერები იქნება თავმოყრილი.

-ქართულენოვანი სიმღერების ჩაწერას არ გეგმავ?

-გამომდინარე იქიდან, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი იქაურ კარიერაზე მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართულ სიმღერებსაც ჩავწერ პერიოდულად, როდესაც საქართველოში ჩამოვალ.

-დღეს კიდევ ერთი სიმღერა  „გელოდები შენ“ მოგვიტანე, რომელსაც ადრე ქუჩის ბიჭები ასრულებდნენ. როგორ ჩაიწერა სიმღერის ახალი ვერსია?

-ანრიმ გადაცემისთვის „პრაიმ შოუ“ საახალწლო პროექტი გააკეთა. დამირეკა და მითხრა, რომ სურდა შემესრულებინა ერეკლე დიდიას სიმღერა „გელოდები შენ“, რომელსაც, როგორც აღნიშნეთ, ადრე ქუჩის ბიჭები ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ერეკლე არის უნიჭიერესი კომპოზიტორი, რომლის სიმღერებსაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში ვასრულებდი, მას ეკუთვნის ჩემი სიმღერა „ეს საოცარი დღე“. რაც შეეხება, სიმღერის „გელოდები შენ“ ახალ ვერსიას, არანჟირება ანრი ჯოხაძეს და ლაზარე ადამიას ეკუთვნით.

-როგორც ვიცი, ახლო მომავალში, ვიდეო რგოლის გადაღებასაც გეგმავ…

-დიახ, ალბომში შემავალ სიმღერებზე ვგეგმავ ვიდეოს გადაღებას. ამ წლის ბოლომდე 2 ვიდეო აუცილებლად გამოვა.

 

 

თაკო გაჩეჩილაძე – გელოდები შენ

ანრი ჯოხაძე & თაკო გაჩეჩილაძე – დეკემბერი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თაკო გაჩეჩილაძე & ანრი ჯოხაძე – ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები