გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია – დავაკვირდეთ მოვლენებს და გვექნება ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ფასის ზრდაზე გამოთქმულ პროგნოზებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადეკვატური რეაგირება. გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ლარის კურსს, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან არ ხდება დამატებითი ფაქტორების გავლენა. “ლარის კურსი მერყეობს. წონასწორობის წერტილი დაფიქსირდება, ეს არის ბუნებრივი პროცესი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.