თითქმის ყველაფრის გაძვირების ფონზე, ქვეყანაში საქორწილო კაბები გაიაფდა. შემცირდა გაყიდვებიც, მიზეზი 2020 წლიდან ამოქმედებული კოვიდ რეგულაციებია.
ქორწილების აკრძალვამ ამ ბიზნესს მნიშვნელოვნად დაარტყა. რა მდგომარეობა აქვს დღეს კომპანიებს და რას ელოდებიან უახლოეს მომავალში.
“ბიზნესკურიერის” სტუმარია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე.
– თამარ, რატომ გაიაფდა საქორწილო კაბები? ძალიან დამწყდა გული. არაფრის გაიაფებაზე ზოგადად გული არ მწყდება, ხოლმე, მაგრამ კრიზისი დავინახე, აღარ ვქორწინდებით, თუ თეთრ კაბას აღარ ვიცვამთ?
– გიორგი, გაიაფებაზე მეტად უფრო ცუდია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, თითქმის გავნადგურდით, რომ მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ვპასუხობდი, რომ ბოლო ორი წელია, გავნადგურდით. ადამიანს რომ სუნთქვა აუკრძალო, რაც ემართება, ზუსტად ის დაგვემართა.
არ მინდა ვინმეს შევეხო, საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მე ჩემი საქმე მიყვარს და ყოველთვის ვაკეთებდი. უბრალოდ ძალიან ცუდი მიდგომა იყო, მაშინ როდესაც რესტორნებში დაიშვა შეხვედრები, ქეიფი და დროსტარება, კვლავ აკრძალული იყო ორ მაგიდაზე აღენიშნათ ექვს კაციანი ქორწილი, მშობლებისა და მეჯვარეების გარემოცვაში, მხოლოდ იმიტომ, რომ დღე პატარძალს დამახსოვრებოდა.
გადაეღო ფოტო და თუნდაც ტრადიციულად ქართული ეცეკვა და ვიდეო და ფოტომასალა დარჩენოდა.
ესეც კი აკრძალული იყო. რატომ? ვერაფრით გავიგე. ეს ხომ ჩვენი ტრადიციაა. კი ბატონო, ვიყოთ ევროპელები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიცია. ევროპაში დიდი ხანია, საპატარძლო კაბას იცვამენ, მიდიან და ხელს აწერენ, ფოტოებს იღებენ და ამით ყველაფერი მთავრდება.
მაგრამ ჩვენ ქორწილის ტრადიცია მოგვდგამს ოდითგან და ხალხი ამას მიჩვეულია.
ხალხმა ეს აკრძალვა გაიგო ისე, რომ არ შეიძლება საპატარძლო კაბის ჩაცმა. რესტორანში თუ შედიოდნენ, უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივ და არასაპატარძლო კაბით.
მე არ ვსაუბრობ იმ პერიოდზე, როდესაც ჩაკეტილები ვიყავით. ასეთი რეგულაცია ჩვენთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა.
ჩვენ სახელმწიფოს წინაშე იმისთვის გვაქვს ვალდებულებები, რომ მომსახურება იყოს მაღალ დონეზე… ბანკები, სახელმწიფო გადასახადები და ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დაგვაწვა ყველას.
– დაახლოებით რამდენი იყო შემცირება?
– თითქმის 80% . ერთი პერიოდი ხომ საერთოდ ჩაკეტილი ვიყავით და მერეც დაახლოებით 90 %-ით შემცირდა.
– 2021 წელს , ყველა ბიზნესში გამოცოცხლება შეინიშნებოდა…
– დაიშვა სასტუმროები და რესტორნები, მაგრამ არ ვიცი, ეს დავალება იყო, თუ ტრადიციებზე მიზანმიმართული დარტყმა. ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ქორწილები და ქელეხები არ შეიძლება.
ხალხს ისედაც დიდი ეკონომიური გაჭირვება აქვს და ძალიან დიდს ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ აკეთებდა.
რატომ არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც ძალიან ვიწრო წრეში, სამასკაციანი დარბაზში ქორწილის გადახდა? ჩვენთვის 2021 წელი დაახლოებით 10 % -ით გამოსწორდა, მაგრამ მაინც დიდი დარტყმა იყო.
ყველაზე ცუდი ის, იყო, რომ კულტურა დაიკარგა საქორწინო კაბის.
რისთვის უნდა ვიხადო, ან რატომ, თუკი რესტორანი არ მიშვებსო, ბევრი ფიქრობდა. იყვნენ ერთეული ადამიანები, ვინც ამბობდა, რომ ჯვრისწერა და ხელის მოწერა არის წამი, რომელიც ჩერდება, ფიქსირდება და შთამომავლობას რჩება.
– მესმის, რომ შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა და ხომ არ სცადეთ დივერსიფიცირება სამკერვალო ბიზნესის კუთხით?
– ცოტა ძნელია ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის სამკერვალო სისტემაზე გადასვლა, მუშახელი სხვა მოთხოვნებს იყვნენ მიჩვეული.
თუმცა ჩემმა შვილმა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად არაფერი დამართნოდა, უსაქმურობისგან , დამოუკიდებლად, დაქალთან ერთად დაიწყო ძალიან კარგი ბიზნესი.
– გვყავდა თქვენი შვილი გადაცემაში მოწვეული…
„საქართველოში იმის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, რომ სამოსის ხარისხი დაბალი იყოს“
– ისინი ყოველდღიურად მუშაობენ მაღალ ხარისხზე და თითო ექსკლუზიურ ეგზემპლარზე. მათ უბრალოდ თავიანთი თავი გადაირჩინეს, რომ არ დამჯდარიყვნენ, როგორც მთელი საქართველო ზის ფსიქოტროპულებზე, იმიტომ რომ დაიშალა ბევრი რამ და ბევრს დეპრესია დაეწყო.
– მესმის…
– მაგრამ ჩვენს ბიზნესში ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ თავის დროზე დაშვება, რომ ყოფილიყო ქორწილების, ძალიან კარგი იქნებოდა.
ჩემნაირებს ძალიან გაუჭირდათ, ჩაენაცვლა უბრალო კაბა, უბრალო დაბალი ხარისხის მასალა. გადასახადი მათ ფაქტობრივად არაფერი არ აქვთ და ამიტომ უმეტესობამ გადაინაცვლა ყოველდღიურ სამოსში.
შემორჩა ძალიან მცირედი, რომელიც დარჩა და შემოსავალი ალბათ კომუნალურებს რომ არ ეყოფა, ისეთი მცირედია.
ჩვენ წლები მოვანდომეთ ამ ბიზნესის შექმნას და ჩვენი სახელის პოპულარიზაციას. ამიტომ ვცდილობთ არ გავჩერდეთ.
ის, ვისაც ხარისხთან და გემოვნებასთან აქვს პრეტენზია, როდესაც მოდიოდნენ და ამბობდნენ, მე მინდა მეცვას „მარიგოლდიო, გავაკეთეთ საოცრად დიდი ფასდაკლებები.
იმის გამო, რომ ისტორიას შემორჩენოდა მათი ქორწილის დღე.
– წლევანდელ წელზე მინდა გკითხოთ, როგორი მოლოდინი გაქვთ და რა გეგმები გაქვთ, გადარჩება თუ არა ბიზნესი?
– მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებ. ადამიანი ყოველთვის კარგს უნდა ფიქრობდე, მაგრამ იმ სახით, როგორითაც მე პრეტენზია მქონდა, რომ ყოფილიყო ჩემი ბიზნესი, მქონოდა კაბების ძალიან მაღალხარისხიანი ფაქტურები და მყოლოდა კარგი სპეციალისტები და მქონოდა ვიაპი მომსახურების სფერო, მინდოდა, ეს ყველაფერი შემენარჩუნებინა, არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ. რადგან ჩვენთან არ გვაქვს სისტემა, რომ გადასახადი შეგიჩერონ, თუ გაყიდვა არ ხდება, ასეთი არ არსებობს…
ალბათ სხვა საფეხურზე გადავინაცვლებთ.
იყო წლები მაგალითად 2008 წელს ომი რომ დაიწყო, ხომ საშინელება იყო, მაგრამ ერთი წუთით არ მქონია პესიმიზმი.
ხვალინდელი დღე რომ ვიცოდე, რომ ვიცოდე, რომ ჩემს შრომას ექნება შედეგი, სხვანაირად ვიქნები განწყობილი.
ამ ყველაფერს ვერ ვხედავ დღევანდელ დღეს, რომ წინდაწინ ვიმუშაო და შეკვეთა გავაკეთო, როგორსაც ვაკეთებდი და იმ რაოდენობით, მერე რა იქნება?
ხალხიც ძალიან ცუდ დღეშია.
არ ვიცი, რა იქნება. ალბათ ორი წელი დასჭირდება იქ რომ დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით.
– ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თქვენი აბსოლუტურად მესმის, მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ. თქვენი ბრენდი ცნობილია საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში. იმედია, ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოხვალთ.
იქნება ქორწილებიც და პატარძლებიც აუცილებლად ჩაიცვამენ საქორწილო თეთრ კაბებს.
