“ის, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩვენ აქ ვართ, გარკვეულწილად საქართველოს მყარი პოზიციების ნათელი დადასტურებაა,” – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
„საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის მხრიდან ჩვენ ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და ამავე დროს, ჩვენთვის უცხო არ არის ის სცენარი, რომელიც ახლა ვითარდება. ძალიან ბევრ პარალელს ვხედავთ. ახლა არის კრიტიკული მომენტი. ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო იმისთვის, რომ ელემენტარული შეცდომა არ იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მას მოჰყვეს ნაბიჯები ინტერვენციის მიმართულებით. ამიტომ, ამ მძიმე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს აქვს, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.