„პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები, ძირითადად, ახალ გარემოებებზე ჰქონდა,“ – ამის შესახებ თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, დღის პირველ ნახევარში განაცხადებენ. კომენტარის გაკეთება არ ისურვა თავად ლევან ყიფიანმაც. მისი თქმით, ხუთსაათიანი გამოკითხვა დამღლელი იყო. ყიფიანის განცხადებით, ოთხშაბათს ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს. კონკრეტულად რომელ საათზე და სად გამართავენ ყიფიანი და მისი ადვოკატი პრესკონფერენციას, უცნობია.
ლევან ყიფიანი გამომძიებლებმა ე.წ. „ომეგას საქმესთან“ დაკავშირებით გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს, ძირითადად, დამატებითი კითხვები „თიბისი ბანკის“ ეპიზოდსა და 4 მილიონი ლარის გატანის საკითხზე ჰქონდათ.