„ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა ნამდვილად არის საეტაპო მოვლენა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში,“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც დღეს ფრანკფურტში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს მდიდარ და მრავაფეროვან კულტურაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ქვეყანამ ევროპულ ცივილიზაციაში შეიტანა.
„საქართველო უდავოდ საინტერესო ადგილია. სამყარო ყოველდღიურად იცვლება. გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება და ზოგმა შეიძლება იდავოს, რომ ამ გამოწვევების გადალახვა სამხედრო ძალით ან ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება. თუმცა, მინდა გაგახსენოთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და საქართველო მათ რიგს მიეკუთვნება. ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ძალიან ემოციურები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ყველა ქართველის ცხოვრებაში, რადგან უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, თქვენთვის წარმოგვედგინა საქართველო და ის წვლილი, რომელიც საერთო ევროპულ ცივილიზაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
“როგორც წიგნების გამოფენაზე დღეს ვიხილეთ, ღონისძიების „მთავარი კერძი“ მდიდარი ქართული სამზარეულო ან დიდებული ქართული ღვინოა, რომლის დაყენების ტრადიცია ჩვენთან 8000 წლის ისტორიას ითვლის. თუმცა, მომეცით უფლება, ამ საღამოს ცოტა სუბიექტური ვიყო. ჩემი აზრით, „მთავარი კერძი“, რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაა, რომელიც ქართული თეატრით, ცეკვებითა და სიმღერებით, სახვითი ხელოვნებითა და სხვა შემოქმედებითი დარგებითაა „შეზავებული“. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოცდილება და ემოციები თქვენთვის გაგვეზიარებინა,” – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.
მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქართველი ერისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ იდეის რეალობად ქცევაში მონაწილეობდა. პრემიერმინისტრის სახელით გამართულ მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი, იურგენ ბოსი, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჰაინრიხ რითმიულერი, საქართველოს დელეგაციის წევრები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები და ქართველი ავტორები დაესწრნენ.