LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

92

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელთაც წელს ინდონეზია მასპინძლობს, წამყვანი ფინანსური გამოცემის Global Finance მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს პირველად საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Global Finance საქართველო ცენტრალური ბანკირების შეფასების რეიტინგში ჩართო და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის 16 საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის დაასახელა. 90 ცენტრალური ბანკირის შეფასება მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელმაც ინტერვიუ მისცა ამ გავლენიან გამოცემას. ინტერვიუში – “შეინარჩუნე სიძლიერე (Stay Strong)” კობა გვენეტაძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, შეეხო თურქეთში არსებულ ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის გავლენას საქართველოზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე.

“2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოსავლები. გაუმჯობესებული საშინაო მაკროეკონომიკური გარემო და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება ინვესტიციების ზრდასაც განაპირობებს. 2017 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

თუმცა, თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკებზე. კერძოდ, ეს კრიზისი საქართველოზე უმთავრესად უნდა გადმოეცეს ექსპორტის და ტურისტული შემოსავლების შემცირებისა და გაზრდილი იმპორტის გზით. თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავაც იქნება ორიენტირებული ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. აღნიშნული რეჟიმი საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, მათ შორის რთული პერიოდების დროსაც.

საქართველო არის მცირე ზომის ღია ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია იმპორტზე და რომელსაც ისტორიულად მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს. შესაბამისად, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე გაცვლითი კურსის მერყეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია რისკებისა და მოწყვლადობების შემცირების კუთხით, ეროვნული ბანკისთვის ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევას ფინანსური დოლარიზაცია წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესების წახალისება და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან; სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან; ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან ენტონი დე ლანოისთან და ალტერნატიულ აღმასრულებელი დირექტორთან რიჩარდ დურნბოშთან. შეხვედრა გაიმართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g