20 ოქტომბერს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში იხსნება კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ტურისტული კომპლექსი – KTW-ს „ღვინის სახლი“. კომპლექსი აერთიანებს: ღვინის მაღაზია-სალონს, სადეგუსტაციო დარბაზსა და კეთილმოწყობილ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ KTW-ს ღვინის ქარხანა და გაეცნონ ღვინის წარმოების 8000-წლოვან ტრადიციას, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და ქართული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ „ქართულ ეზოში“ უშუალოდ ჩაერთონ კულინარიულ მასტერ-კლასებში.
შეგახსენებთ, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს 2001 წლიდან აწარმოებს და დღემდე ლიდერი კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანიამ სოფელ პატარძეულში ინვესტირება 2013 წელს ღვინის ქარნის მშენებლობით დაიწყო. სამაცივრე ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად 13 მილიონ ბოთლ ღვინოს და ბრენდს აწარმოებს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია წარმოების 20 მილიონ ბოთლამდე გაზრდა. პროდუქცია ექსპორტზე 21-მდე ქვეყანაში გადის.
KTW-ს „ღვინის სახლი“ წარმოადგენს კომპანიის მორიგ პროექტს, რომელსაც საფუძვლად უდევს KTW-ჯგუფის უკვე არსებული ობიექტების მიმართ მაღალი ინტერესი და ტურისტული ნაკადის ზრდა ქვეყანაში. კომპანიის ახალი ინვესტიცია ხელს უწყობს, როგორც ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ზრდას.
„ვიმედოვნებთ, რომ ახალი „ღვინის სახლი“ პატარძეულში ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ტურისტული კომპლექსი გახდება”, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ტურისტული კომპლექსის – „ღვინის სახლის“ გახსნის ცერემონია დაიწყება 14:00 საათზე.