“ევროკავშირის როლი ცვალებად სამყაროში და ევროპის უსაფრთხოების ვითარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ” – ეს არის მთავარი თემა, რომელსაც დღეს ევროპარლამენტარები სესიაზე განიხილავენ.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრამ ის მშვიდობა დაარღვია, რომელსაც დღევანდელი თაობა იცნობს.
მან ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადადგას მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად:
“უკრაინაში ვლადიმირ პუტინის შეჭრამ დაარღვია მშვიდობა, რომელსაც ჩვენი თაობა იცნობს. ამ სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა, ევროპის პასუხი უნდა იყოს პროპორციული, სერიოზული და რეალური მზარდი საფრთხეების მიმართ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ უნდა გადავაფასოთ ევროკავშირის როლი ახალ სამყაროში. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები თავდაცვასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. ახლა არის დრო, გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები ყველა ევროპელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა დროულად ავაშენოთ რეალური უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი კავშირი და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება კრემლზე.
ის რაც აქამდე ვიხილეთ ევროპული სოლიდარობისა და ერთიანობის თვალსაზრისით, უპრეცედენტოა და ეს უნდა იყოს გეგმა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. ჩვენმა სახელმწიფოებმა მიიღეს 1.5 მილიონი უკრაინელი ჩვენს საზოგადოებებში, ჩვენს სახლებსა და გულებში.
ევროპული ღირებულებების დემონსტრირებისთვის, ჩვენ მასშტაბური სანქციები პრაქტიკულ სოლიდარობასთან შევაჯერეთ და მჯერა, მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც შევძლებთ. ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინისთვის და უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა მეცოლამ.