რა იწვევს მუცლის ტკივილს, შეკრულობას და დიარეას ბავშვებში და რამდენად საყურადღებოა ეს სიმპტომები – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრმა, გასტროენტეროლოგმა მარიამ ღუღუნიშვილმა ისაუბრა.
-მარიამ, რა არის ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი?
-მუცლის ტკივილი ეს არის ძალიან ფართო სიმპტომი, ეს არის არ არის დაავადება, ეს არის ჩივილი, რომელსაც ძალიან დიდი გულისყურით უნდა ჩაძიება. ყურადღება უნდა მივაქციოთ, ტკივილის ხანგრძლივობას, ლოკალიზაციას და ხასიათს. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ ტკივილი არის მწვავე თუ არის ქრონიკული. სამედიცინო ტერმინოლოგიით თუ განვმარტავთ, მწვავე არის ტკივილი, რომელიც გრძელდება 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული არის, როდესაც ბავშვს 2-3 თვეზე მეტხანს აქვს ტკივილი მუცლის არეში. მნიშვნელოვანია ადგილი, თუ სად სტკივა მუცელი ბავშვს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი არის იმის მაჩვენებელი და მიმანიშნებელი თუ რა შეიძლება იყოს მუცლის ტკივილის დაახლოებითი მიზეზი.
მნიშვნელოვანია, როგორ სტკივა ბავშვს მუცელი, არის ეს ყრუ ტკივილი თუ მჩხვლეტავი ხასიათის, უნდა განვსაზღვროთ ტკივილი არის ერთ ადგილას თუ არის მოძრავი. თუ ბავშვი არის სკოლამდელი ასაკის და აქვს მწვავე მუცლის ტკივილი, რომლის ისტორიაც მოიცავს 5 დღეს და არა მეტს, ასეთ დროს, პირველ რიგში, მწვავე გასტროენტერიტზე გვაქვს ხოლმე აქცენტი. მუცლის ტკივილს როგორც წესი ისეთი თანმხლები სიმპტომებიც ახასიათებს, როგორიცაა ცხელება, ღებინება, ფაღარათი. მუცლის ტკივილის მიზეზის კვლევისას მნიშვნელოვანია ვიკითხოთ ოჯახის სხვა წევრებსაც თუ აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა საკვებით. ნაკლებად სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, უფრო სკოლის ასაკის და მოზარდ ბავშვებში მუცლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი ნახშირწყლების აუტანლობა, როგორიცაა ლაქტოზა და ფრუქტოზა. როდესაც ვსაუბრობთ მწვავე მუცლის ტკივილზე, არ უნდა გამოგვრჩეს ქირურგიული მიზეზებიც. ქირურგიულ მიზეზებში იგულისხმება: სკოლის და შემდგომ ასაკის ბავშვებში აპენდიციტი, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ნაწლავის ნაწლავში ჩაჭედვამ, ნაწლავის ნაწლავზე შემოხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი. ასეთ დროს, მარტო პედიატრი და გასტროენტეროლოგი ვერ გაუწევს ბავშვს დახმარებას, საჭიროა ქირურგის მეთვალყურეობა და პირველი 24 საათი გადამწყვეტია.
მნიშვნელოვანია, მშობლებმა ტკივილის გარდა სხვა განგაშის ნიშნებსაც მიაქციოს ყურადღება, მაგალითად, ალისფერი ან შავი განავალი სისხლის შემცველობაზე მიანიშნებს. საყურადღებოა ძლიერი და შეუპოვარი ღებინება, რომელიც არ ჯდება ინფექციურ ღებინებაში, სისუსტე, მივარდნილობა, მაღალი ცხელება. აღსანიშნავია, რომ მუცლის ტკივილს მარტო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები არ იწვევს, მუცლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციამ, პნევმონიამ, როდესაც ფილტვების ანთება მიმდინარეობს ფილტვების ქვედა ნაწილებში. შესაბამისად, მწვავე მუცლის ტკივილი უფრო მეტ კვლევას და დიაგნოსტიკას მოითხოვს. როდესაც ქრონიკული მუცლის ტკივილი 2-3 თვეზე მეტხანს გრძელდება, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის ორგანოდან წამოსული ტკივილი. ასეთ ტკივილს ჩვენ ფუნქციონალური მუცლის ტკივილის სინდრომებს ვეძახით, ეს სინდრომები ძირითადად ხუთ დაავადებას მოიცავს.
ყველაზე ხშირი სინდრომი არის ფუნქციონალური ყაბზობა, როდესაც მიზეზი ორგანული ამ შეკრულობას არ აქვს, ასეთ დროს კვირაში სამჯერ მაინც სტკივა ბავშვს მუცელი. შემდეგი არის ქრონიკული ფუნქციური დისპეფსია, როდესაც მუცლის ტკივილი არის ზედა ნაწილებში. ასეთ დროს მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მცირე დოზით საკვების მიღების შემდეგაც კი ბავშვს ეწყება მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება. შემდგომი არის ფუნქციონალური ტკივილი, როდესაც ბავშვს მუცლის ტკივილის არანაირი მიზეზი არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი ტკივილს იგონებს. ასეთ დროს, საქმე გვაქვს ბიოფსიქოსოციალურ მოდელთან, რაც ნიშნავს რომ ტკივილს აქვს სამი სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი. ბიო მოდელში შედის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი მგრძნობიარეა, ანუ იმაზე მეტად აღიქვამს ამა თუ იმ შეგრძნებას ვიდრე რეალურად არის, ასევე შედის გენეტიკური ფაქტორები, დისბიოზი, ნაწლავის მოტორიკის დარღვევა. ფსიქოემოციური განწყობა გულისხმობს, როდესაც ბავშვი სულ სტრესშია, ოჯახში ჰყავს ქრონიკული ავადმყოფი და მათთან ძალიან ხშირად ფიგურირებს სიტყვა ტკივილი, ცუდად ყოფნა, ასეთ დროს შეიძლება ბავშვი უჩიოდეს მუცლის ტკივილს და ეგონოს, რომ მართლა სტკივა. სოციალური გულისხმობს, როდესაც გარემო პირობებთან აქვს დისკომფორტი და რაიმე გამღიზიანებლით არის გამოწვეული მუცლის ტკივილი, ყველა ასაკს შესაბამისი სტრესი აქვს, იქნება ეს სკოლა, ოჯახის წევრები, გარშემო მყოფები თუ სხვა. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ მუცლის შაკიკი. ყველას ჰგონია, რომ შაკიკი მხოლოდ თავის ტკივილია, არა, არსებობს მუცლის ტკივილის შაკიკიც, როდესაც ბავშვს მუცელი ძალიან სტკივა, საკმაოდ მწვავედ და ვერცერთი მედიკამენტი ვერ უყუჩებს ტკივილს, ამას თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, სინათლისადმი და ხმაურისადმი გაღიზიანებადობა. ასეთ დროს, ტკივილი არის ციკლური ხასიათის, თვეში ერთხელ ან ორჯერ აღენიშნება პაციენტს, გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე და შემდეგ თავისით გადადის, ძალიან ჰგავს თავის ტკივილის შაკიკს. ფუნქციურ დარღვევებში შედის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც, ასეთ დროს მუცლის ტკივილი მიმდინარეობს ფაღარათით ან შეკრულობით ან ამ ორის მონაცვლეობით. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, როგორც კი ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აქვს, ტკივილიც მაშინვე ქრება.
-სისხლიანი გამონადენი ყოველთვის კავშირშია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან თუ შესაძლოა სხვა პრობლემაზეც მიანიშნებდეს?
-რა თქმა უნდა, სისხლიანი გამონადენი შეიძლება ახლდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, როდესაც ხშირი დეფეკაციით მიმდინარეობს ეს პრობლემა, მაგრამ როდესაც ბავშვს აქვს სისხლიანი განავალი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გარდა სხვა მიზეზებსაც ვეძებთ. მნიშვნელოვანია, სისხლი ტკივილთან ასოცირდება თუ მშობელი ისე ხედავს სისხლს განავალში, რომ ბავშვს ტკივილი არ აქვს. თუ სისხლიან გამონადენს თან ახლავს ტკივილი ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შეკრულობით, რადგან შეკრული მსხვილი განავალი აზიანებს ანუსის მიმდებარე მიდამოს, რა დროსაც კანზე ძალიან მარტივად ჩნდება ნახეთქები. თუ განავალში ვხედავთ სისხლს, ნორმალური განავლოვანი მასების ფონზე და ბავშვს არ აღენიშნება ტკივილი, მაშინ ნაწლავში პოლიპის არსებობაზე ვეჭვობთ, ოღონდ ეს არა პატარა ბავშვებში, არამედ სკოლის და უფრო დიდი ასაკის ბავშვებში.
-რა არის ყაბზობის გამომწვევი მთავარი მიზეზი და უკავშირდება თუ არა ის კვებას?
-ზოგადად, ყაბზობის მიზეზის ცალსახად გამოყოფა შეუძლებელია, ყაბზობა უმეტეს წილად არის ფუნქციური ანუ ორგანული. 95% ყაბზობის მიზეზებისა ფუნქციურია, თვითონ მუცლის ღრუში დაზიანება არცერთ ორგანოს არ აქვს. ფუნქციურ მიზეზებში იგულისხმება კვება, როდესაც მიღებულ საკვებში ნაკლები ბოჩკო, ნაკლები სითხეა და მეტი ნახშირწყალი, დარღვეულია კვების რეჟიმი, ბავშვი ან მუდმივად იკვებება ან ძალიან დიდი შუალედებით. ფუნქციური ყაბზობის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ოჯახური განწყობაც. რა თქმა უნდა, ყაბზობა არ არის გენეტიკური დაავადება, მაგრამ ოჯახში არის ერთი და იგივე კვების წესი, გარემო, ჩვევები, როდესაც მშობელი ადინამიურია, ბავშვიც ხშირად მას ემსგავსება. აღსანიშნავია, რომ წლამდე ასაკის ბავშვებში შეკრულობა შეიძლება ქირურგიულ პრობლემებზე მიუთითებდეს, ამიტომ აუცილებელია წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც აქვს შეკრულობა ნახოს პედიატრმა, რომ გამოირიცხოს გენეტიკური ან თანდაყოლილი პრობლემა, რომელიც იწვევს შეკრულობას, ასეთია მაგალითად ჰირშპრუნგის დაავადება და ფსევდო-ობსტრუქცია.
–როდესაც ვსაუბრობთ სწორ კვებაზე, რა უნდა შედიოდეს აუცილებლად ბავშვის კვების რაციონში და რა არა?
-კვება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბავშვებში, რადგან ზრდისთვის არის აუცილებელი, ბავშვს ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება, რომელსაც ის საკვებისგან იღებს. საკვებ რაციონში მნიშვნელოვანია იყოს ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. ეს სამი მაკრო ნუტრიენტი უნდა იყოს ყველა იმ საკვებში, რასაც დღის განმავლობაში მიიღებს ბავშვი. ცილა შედის ხორცში, კვერცხში, რძის პროდუქტებში, თევზში. ცხიმი არის ზეთში, ასევე სხვადასხვა პროდუქტებიც ბუნებრივად შეიცავენ ცხიმს, გამოვყოფთ ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებს. ნახშირწყლებს უმეტესწილად მარცვლოვნების სახით ვიღებთ, როგორიც არის ხორბალი, ჭვავი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ სამი კომპონენტის რაოდენობა ასაკობრივად იცვლება, 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებში მიღებული ენერგიის 5-20% უნდა მოდიოდეს ცილაზე, რაც შემდგომ 4-დან 18 წლამდე 10-30%-მდე მერყეობს. რაც შეეხება ცხიმს, 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაახლოებით 30-35% უნდა იყოს და შემდგომ იწყება მისი შემცირება. ყველაზე მეტი წილი ნახშირწყლებზე მოდის დაახლოებით 40-დან მაქსიმუმ 60%-მდე. მშობლებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, პედიატრების მიერ შექმნილია პირამიდა, რომელიც იყოფა 6 ნაწილად. ქვედა ორი ბლოკი, რომელიც ყველაზე დიდია მოიცავს ნახშირწყლებსა და ცილებს. შემდგომ მოდის უკვე ხორცი და ცხიმი, პირამიდის ყველაზე პატარა ნაწილი კი უკავია დამატებით შაქარს, რომელსაც ნაკლებად უნდა იღებდეს ბავშვი, აქ იგულისხმება ისეთი მზა პროდუქტები, როგორიცაა შოკოლადი, კანფეტი და სხვა. ასეთი საკვების მიღება ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს, დაახლოებით, კვირაში ორჯერ.
-რამდენად საყურადღებოა კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედება და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?
-გახშირებულად ითვლება 3-ჯერ და 3-ზე მეტჯერ ნაწლავის მოქმედება, თუმცა ერთხელაც რომ გავიდეს ბავშვი კუჭში, მისთვის არადამახასიათებელი, შეცვლილი სტრუქტურით, ესეც შეიძლება ფაღარათად ჩაითვალოს. ფაღარათის დროს ბავშვი ძალიან ბევრ სითხეს და ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს კარგავს. შესაბამისად, ფაღარათი ძალიან საყურადღებოა წლამდე, ორ წლამდე და შეიძლება ითქვას 5 წლამდე ბავშვებში, რადგან შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. ზოგიერთ ქვეყანაში ფაღარათი ორ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა. კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედების მიზეზი ასაკის შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა იყოს. წლამდე ბავშვებში ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი როგორც წესი კაზეინის აუტანლობაა, კაზეინი ძროხის რძის ცილა გახლავთ. კაზეინის აუტანლობაზე მიგვაქვს ეჭვი, როდესაც ბავშვს აღენიშნება ხშირი ფაღარათი, რომელსაც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ღებინება და სხვა არანაირი ჩივილი არ იყოს სახეზე. ასეთ დროს, თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, მშობელს ვუკრძალავთ რძის პროდუქტების მიღებას თუ ხელოვნურ კვებაზეა მაშინ სპეციალურ ფორმულას ვუნიშნავთ. უფრო მოზრდილ ასაკში კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია ან აქაც იყოს გარკვეული საკვები პროდუქტების აუტანლობა. რომ განვსაზღვროთ, რამდენად საშიში და საყურადღებოა აღნიშნული პრობლემა, უნდა მივაქციოთ ყურადღება ფაღარათის ხანგრძლივობას, არის მწვავე თუ ქრონიკული. როგორც წესი, მწვავე ფაღარათის მიზეზი ინფექციაა, ხოლო ქრონიკულის შეიძლება იყოს თანდაყოლილი ფაღარათები ან შემდგომ შეძენილი და გახანგრძლივებული. ქრონიკული ფაღარათისას, ყოველთვის ვაკვირდებით წონას, ბავშვმა დაიკლო ამ ფაღარათის დროს წონა თუ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გადის ბავშვი კუჭში, წონა მაინც უცვლელია. ცალკე არის გამოყოფილი ტოდლერის დიარეა. ტოდლერს ვეძახით ბავშვს სიარულის დაწყების ასაკიდან სკოლამდელ ასაკამდე. ასეთი დიარეის დროს ბავშვი შეიძლება 3-4 ჯერ, 5-ჯერაც კი გადიოდეს კუჭში, მაგრამ არ ჰქონდეს სხვა ჩივილი, როგორიცაა ღებინება, წონის კლება, ანემიები ანუ სისხლში ჰემოგლობინის და ერითროციტის დაბალი შემცველობა, რკინის დეფიციტი, ანუ როდესაც ბავშვის ორგანიზმი ფაღარათის გამო არაფერს კარგავს. ტოდლერის დიარეა სამედიცინო და მედიკამენტოზური კუთხით ჩარევას არ საჭიროებს, ასაკობრივად თავისით გადავა. რაც შეეხება დიდ ასაკში ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას, აქ ფსიქო-ემოციური ფაქტორია. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც ძალიან საყურადღებოა და ექიმის მიერ დეტალურად უნდა შეფასდეს ფაღარათის მიმდინარეობა.
–განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა საკმარისია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესაფასებლად, თუ მხოლოდ ერთი ტიპის პრობლემის გამოკვლევა ხდება ასეთ დროს?
-დღესდღეობით, პედიატრ-გასტროენტეროლოგები ძალიან იშვიათად ნიშნავენ განავლის ბაქტერიოლოგიურ კვლევას. აღნიშნული კვლევა უფრო მეტად ფაღარათით მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება. ადრე, შეკრულობის, მუცლის ტკივილის და ფაქტობრივად ნებისმიერი ჩივილის დროს ინიშნებოდა ეს კვლევა, მაგრამ დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში არაფრის მომცემია. ამ კვლევას თავისი დანიშნულება აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა გარკვეული პრობლემების დროს, მაგრამ არა ზოგადად ნაწლავის მდგომარეობის შესაფასებლად.
–რას გულისხმობს ჰელიკობაქტერიის კვლევა, როდის ინიშნება ეს კვლევა და რა ინფორმაციას იძლევა?
-ჰელიკობაქტერიის კვლევა შეიძლება ჩატარდეს განავლით, ასეთ დროს, განავალში ვეძებთ ხოლმე ანტიგენს, შეიძლება ანტისხეულები განისაზღვროს ამოსუნთქულ ჰაერში და სისხლშიც, თუმცა ახალი მულტიცენტრული კვლევებით დადგინდა, რომ სისხლით გაკეთებული ანალიზი ინფორმაციის მომცემი არ არის. ეს ბაქტერია კუჭ-ნაწლავში ცხოვრობს, მეტწილად კუჭის მჟავა გარემოში უყვარს დაბუდება და იწვევს სხვადასხვა ჩივილს, როგორიცაა კუჭის არეში ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, შებერილობა. ამ ბაქტერიაზე ყველაზე დიდი კვლევა ირლანდიაში ჩატარდა, რომლის მიხედვითაც უკვე 3 წლის ასაკიდან შესაძლოა აღენიშნებოდეს ბავშვს ეს პრობლემა. გადადის ფეკალურ-ორალური გზით, ანუ ლორწოვანთან შეხება ძალიან საყურადღებოა, როდესაც საქმე ეხება კოცნას, მოფერებას, ერთი და იგივე პირსახოცით სარგებლობას. გადადის ძალიან მარტივად და შესაბამისად მკურნალობის შემდგომ რეციდივიც საკმაოდ ხშირია. მკურნალობა საკმაოდ რთულია, შეიძლება იყოს ხანგრძლივიც, ზოგიერთ შემთხვევაში ანტიბიოტიკებსაც საჭიროებს. ბავშვების 72% ამ ბაქტერიის მატარებელია, მაგრამ საბედნიეროდ, ყველას არ აქვს ჩივილი. თუ ანალიზი დადებითია, მაგრამ პაციენტს არ აღენიშნება ჩივილები ასეთ შემთხვევაში მკურნალობა სასურველი ტაქტიკა არ არის სამედიცინო კუთხით. ვმკურნალობთ მხოლოდ მათ, ვისაც ჩივილები აქვთ, რადგან ბაქტერიამ შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს წყლული, ეროზია და სხვა ტიპის პრობლემები.
-შესაძლებელია მშობელმა ამოიცნოს ბავშვს ფსიქოლოგიური, ცრუ მუცლის ტკივილი აქვს თუ ფიზიოლოგიური?
-კი შესაძლებელია, ყველაზე კარგად ბავშვს მშობელი იცნობს და იცის მისი ხასიათი. ხშირ შემთხვევაში მშობელი უფრო სწრაფად სვავს ამ ტიპის დიაგნოზს ვიდრე ექიმი. ასეთ დროს, ექიმის დასმული კითხვებიც გამიზნულია, რომ მშობელს დაეხმაროს ამოიცნოს ტკივილი ნამდვილია თუ ცრუ. რა თქმა უნდა, ყველა ტკივილზე არ უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროს სხვა ფონური დაავადებები. მშობელი უნდა დაუკვირდეს რამდენად ცვლის ეს ტკივილი ბავშვის ყოველდღიურობას, მშობელმა სიტუაციურად უნდა ამოიცნოს ტკივილის მიზეზი, მცდარია ეს ტკივილი თუ ჭეშმარიტი, სკოლაში წასვლის დროს აღენიშნება ბავშვს თუ დასვენების დღეებში, უჭირს მეცადინეობა, მაგრამ არ უჭირს თამაში.
-ბავშვთა ასაკში, ცალკე აღებული გულისრევის შეგრძნება, რომელიც არ არის თანმხლები მუცლის ტკივილის, ასევე მიუთითებს თუ არა შესაძლო კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე?
-დიახ, რა თქმა უნდა, გულისრევა ესეც ერთ-ერთი სიმპტომია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების. აღსანიშნავია, რომ გულისრევა და ღებინება ორი სხვადასხვა მცნებაა. განმარტებისთვის, ღებინება ეს არის აქტი, როდესაც ხდება მასების პირის ღრუდან დაცლა და გულისრევა ეს არის უბრალოდ შეგრძნება. არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ სხვა სისტემის დაავადებების დროსაც ღებინება შეიძლება წამყვანი ჩივილი იყოს, მაგალითად ნევროლოგიური პრობლემების და საშარდე ინფექციების დროს, აქაც ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რეგურგიტაციას ვეძახით ძალიან უმნიშვნელო, არა ჭარბი რაოდენობით ღებინებას, რაც ჩვილებში სრულიადაც ფიზიოლოგიურია. საყურადღებოა ღებინება, რომელიც შეუპოვარია, არ ჩერდება. პატარა ასაკში კაზეინის აუტანლობაც შეიძლება ღებინებით გამოვლინდეს. ღებინება შეიძლება გამოწვეული იყოს ანატომიური მიზეზითაც, როდესაც საყლაპავსა და კუჭს შორის გარდამავალი ნაწილი, კარდიალური სპინქტერი მოდუნებულია, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად ხდება კუჭის შიგთავსის ამოსვლა საყლაპავში. ასე რომ, გულისრევაც და ღებინებაც ნამდვილად მიგვანიშნებს ნაწლავის პრობლემებზე.
-რა ტიპის პრაქტიკული რჩევები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა აღნიშნული პრობლემების დროს, იმისთვის, რომ მოსალოდნელი გართულებები აიცილონ თავიდან ?
-ჰიპოკრატეს თუ დავესესხებით, ყველა დაავადების საწყისი ნაწლავში უნდა ვეძებოთ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა მოხვდება კუჭ-ნაწლავში საკვების სახით, რადგან კუჭ-ნაწლავის ფუნქცია მისი გადამუშავებაა. თუ გვინდა, რომ ბავშვს ჰქონდეს ხანგრძლივი, ჯანმრთელი მომავალი ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას. კვება უნდა იყოს რეგულარული, ასაკის შესაბამისად. ჩვილებში კვება უნდა იყოს 3 საათში ერთხელ, მოზრდილებში ოთხჯერადი კვება მაინც უნდა იყოს. ძალიან დიდი დისკუსიები მიდის იმის შესახებ, რომელი ტიპის კვება უფრო ჯანსაღია. არსებობს ვესტერნული ტიპის კვება, ხმელთაშუა ზღვის ტიპის, ვეგეტარიანული, ვეგანური, ყველას აქვს თავისი დადებითი და თავისი უარყოფითი მხარეები, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ ყველაზე უფრო გამართლებული ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვებაა. ასეთი კვებისას, მთავარი აქცენტი ზღვის პროდუქტებზე და ცილოვან საკვებზეა. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ბავშვის ძილს, რადგან ორგანიზმმა უნდა იცოდეს დასვენების და აქტიური ფაზის მონაცვლეობა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გვიანი კვება, რაც არ უნდა ვერ იძინებდეს ბავშვი. გვიან საათებში ორგანიზმის მიერ ვეღარ ხდება საკვების გადამუშავება. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური განწყობა, კვება არ უნდა იყოს ძალდატანებით. სასურველია, თუ მშობელი საჭმლის მომზადებისას ბავშვს დაიხმარს, რადგან უფრო ხალისით შეჭამს ბავშვი საკვებს, როდესაც თვითონ ექნება მონაწილეობა მიღებული გამზადების პროცესში.