LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის აგრესია ჩვენი საერთო ფასეულობების წინააღმდეგ: ევროკომისიის პრეზიდენტი

76
11

“უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია. უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია, ეს არის შეტევა ჩვენი საერთო პრინციპებისადმი, ეს არის შეტევა დემოკრატიისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ვერსალში, ევროპელი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების ეფექტიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მიღებული ზომები რუსეთის იზოლაციას მოახდენს და მას მოუწევს უკრაინაში შეჭრის სანაცვლოდ ფასის გადახდა:

“უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილი. პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის აგრესია ჩვენი საერთო ფასეულობების, სუვერენული სახელმწიფოების, დემოკრატიისა და თავისუფლების მოყვარული ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენი მორალური ვალდებულებაა, მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა რუსული გაზისგან მარაგის დივერსიფიცირებით, რადგან ეს სტრატეგიული ამოცანაა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი დამოუკიდებლობაც და ჩვენი მომავალიც.

ჩვენ განვიხილავთ ახალ გეგმას, რათა სამომავლოდ ეს პრობლემა გადავჭრათ. ჩვენი ამოცანაა, გეგმა მომავალი ზამთრისთვის შევიმუშაოთ.

მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენს ერთიანობაზე. სანქციების წნეხი რუსეთზე ეფექტიანი დარტყმაა. ეს სანქციები მოახდენს რუსეთის იზოლაციას და მას მოუწევს ფასის გადახდა უკრაინაში ამ საშინელი შეჭრის გამო.

ორ მილიონზე მეტ ლტოლვილს გაშლილი ხელებით მიიღებს ევროკავშირი. უკრაინელი ხალხი იმსახურებს ამ მხარდაჭერას და მადლობას ვუხდი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, სადაც უკვე მიიღეს ლტოლვილების პირველი ნაკადი. ჩვენი სახელმწიფოები დააფინანსებენ ყველა იმ საჭიროებას, რაც უკრაინელ ლტოლვილებს სჭირდებათ.

უკრაინელმა ხალხმა არნახული სიმამაცე გვიჩვენა, ისინი ევროპულ ღირებულებებს მტკიცედ იცავენ და ევროკავშირის წევრობის აპლიკაციაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყანამ უკვე აირჩია საკუთარი მომავალი. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g