„თუ დღეს რუსეთში ვინმე გამოდის და აპროტესტებს ომს, მათ უმრავლესობას უკრაინელ ხალხზე იმდენად გული არ შესტკივათ, არამედ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები მათ პირადად შეეხოთ და იმიტომაც გახდნენ ვითომ „პაციფისტები“ და „მშვიდობის მომხრეები“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, „რუსული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინის და კრემლის პოლიტიკის ირიბი ან პირდაპირი თანამონაწილეა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფესვები პირველ რიგში რუსულ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“.
დღეს რუსეთში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ოპოზიცია აქციას გამართავს
„პასუხი მოსაზრებაზე, “პუტინი კი ცუდია მაგრამ უბრალო რუს ხალხს ომი არ უნდა”, ან ის, რომ “პუტინი რუსეთში ყველას ხომ არ მოსწონს” და ა.შ. .
პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მოიწონა რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ორი ომის შედეგად განხორციელებული ჩეჩენი ერის გენოციდი, როდესაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა მონაცემებით 160-დან 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შედეგად, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პუტინის მესამე ვადით პრეზიდენტად (როგორც წარმატებული ლიდერის) არჩევას უჭერდა მხარს (2008 წელს პუტინს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურებოდა).
2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შედეგად პუტინის (იმ დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა) რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო დუმის 450 წევრიდან “ხალხის რჩეულების” უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა მხარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებას.
2014 წელს ყირიმში შეჭრის შედეგად, პუტინის მხარდამჭერთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 80%-ს გადააჭარბა. ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში დროს წინ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 60-დან 71%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ “პუტინს რუსეთში ყველა ხომ არ უჭერს მხარს”, დიახ, ყველა არ უჭერს მხარს, მაგრამ ვინც მის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, მათი უმრავლესობა მხარს უჭერს ან კომუნისტურ პარტიას, ან ე.წ. ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას (ჟირინოვსკის მეთაურობით), ანუ არანაკლებ იმპერიალისტურ პოზიციებზე მყოფ ძალებს. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამართული “არჩევნების” შედეგად, მმართველმა (თავმჯდომარე: ვ. პუტინი) პარტიამ “ერთიანმა რუსეთმა” (ედინაია როსია), მიიღო ხმათა — 49,82 % , მეორე ადგილზე გასულმა რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ ხმათა — 18,93%, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა ე.წ. ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ — 7,55 %. დასკვნა თქვენთვის მომინდია.
შესაბამისად, თუ დღეს რუსეთში ვინმე გამოდის და აპროტესტებს ომს, ჩემის აზრით მათ უმრავლესობას უკრაინელ ხალხზე იმდენად გული არ შესტკივათ, არამედ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები მათ პირადად შეეხოთ და იმიტომაც გახდნენ ვითომ “პაციფისტები” და “მშვიდობის მომხრეები”. ისმის კითხვა, რატომ არ აპროტესტებდა იგივე ხალხი ჩეჩენი ერის გენოციდს? კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს (და არა მარტო)განხორციელებულ სასტიკ აგრესიას? 2014 წელს ყირიმის ოკუპაციას და რუსეთის მიერ ე.წ. დონბასის და ლუგანსკის “რესპუბლიკების” მხარდაჭერას? იმიტომ რომ დასავლეთის მიერ 2014 წელს მიღებული სანქციები (2008 წელს დასავლეთს სანქციები საერთოდ არ მიუღია), არც თუ ისეთი მკაცრი იყო და რუსეთის რიგითი მოქალაქის ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
შესაბამისად, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ რუსული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ პუტინის და კრემლის პოლიტიკის ირიბი (ვინც პუტინი პრეზიდენტად აირჩია) ან პირიდაპირი (ის სამხედროები რომლებიც დღეს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ) თანამონაწილე. აქედან გამომდინარე, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფესვები პირველ რიგში რუსულ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“, – წერს ნიკა ჩიტაძე.