LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მილიონზე მეტი ლტოლვილი, 100–ზე მეტი შეწყვეტილი ბავშვის სიცოცხლე, მიწასთან გასწორებული ქალაქები და კვლავ გაუტეხელი უკრაინელები – რა სცენარით შეიძლება დასრულდეს ომი

426
უკრაინა - ლაშა ძებისაშვილი

უკრაინაში მიმდინარე აგრესორი რუსეთის დაუნდობელი ომის წარმოებისას, სრულიად მსოფლიოს მცდელობაც და კითხვაც მდგომარეობს შემდეგში: როდის დაასრულებს ოკუპანტი სამხედრო აგრესიასა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ბოროტი ზრახვების გამოცნობა, პრაქტიკულად შეუძლებელია, არსებობს მოვლენათა ჯაჭვი, რომელთა თანმიმდევრული შეფასებისას გარკვეული პროგნოზირება სავსებით შესაძლებელია.

მით უფრო, თუ დავაკვირდებით იმას, რომ რუსეთი უკვე თითქმის სრულ ეკონომიკურ და სოციალურ იზოლაციაშია მოქცეული. ამასთან, ოკუპანტის სამხედრო, ტექნიკური და ადამიანური დანაკარგებიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იზრდება.

გარდა ამისა, უკვე ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ პუტინი მის მცირე, მაგრამ მაინც არსებულ მოკავშირეებს დახმარებისთვის მიმართავს, რაც ნიშნავს, რომ საბედნიეროდ, აგრესორ რუსეთს ვითარება არც თუ ისე სახარბიელოდ აქვს.

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე, კონფლიქტის მსვლელობის მნიშვნელოვან ასპექტებსა და მისი გაგრძელების სავარაუდო სცენარზე, „ფორტუნა“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლაშა ძებისაშვილს ესაუბრა.

 

რუსეთის სასტიკი აგრესიის 22-ე დღე უკრაინაში

 

– ბატონო ლაშა, პირველ რიგში, არსებული ვითარება რომ შეაფასოთ: ვიცით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 21 დღის თავზე, ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგი ძალიან დიდია, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე შეიარაღებისა თუ საბრძოლო ტექნიკის კუთხით.

ამასთან, როგორც ჩანს, პუტინმა მის სტრატეგიულ მიზანს, რაც შეიძლება მალე აეღო დედაქალაქი კიევი, ვერ მიაღწია. რას გვეტყვით, რა გაგრძელება შეიძლება ამ ფონზე, ამ პროცესს ჰქონდეს და დაახლოებით თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, კიდევ რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესია ასეთი რესურსით?

ლაშა ძებისაშვილი: რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ძალიან მაღალი ინტენსივობის ბრძოლები მიდის, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური თვალსაზრისით. შესაძლოა უკრაინის მაჩვენებლები გადამეტებულია, თუმცა, პირობითად 13 ათასზე მეტი რომც არ იყოს და იყოს დავუშვათ 8 ათასი, რაც დიდი ალბათობით ასეცაა, ეს რუსეთისთვის არის უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი.

ტექნიკას აღარ ვითვლით, რადგან ასობით რაოდენობის ტექნიკაა მწყობრიდან გამოყვანილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ქვედანაყოფები, შეიარაღება და  ტექნიკა, რომელიც საბრძოლო მზადყოფნაშია. ანუ, ბრძოლისუნარიანები არიან, ეს არ არის ის ტექნიკა, რაც სადღაც საწყობშია და რის მზადყოფნაში მოყვანასაც თვეები სჭირდება.

ამიტომ დანაკარგი დიდია, ტენდენციები დიდია, სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული და ვფიქრობ, თუ რუსეთმა რაიმე პოლიტიკური გამოსავალი არ ნახა, რაღაც დათმობებზე არ წავიდა და ისევ საბრძოლო მოქმედებები გააგრძელა, ალბათ დაახლოებით 3 კვირის მანძილზე, 1 თვის განმავლობაში მას ეს რესურსი ამოეწურება და ფაქტის წინაშე დადგება, რომ უკრაინასთან პოლიტიკურად უნდა მოილაპარაკოს. სხვა შემთხვევაში, მას უკვე ბრძოლისუნარიანი ჯარი ნაკლებად ეყოლება.

უკრაინელების მიერ განადგურებული რუსული ჯავშანტრანსპორტიორი ქალაქ ხარკოვში

 

მითი თუ რეალობა – „კადიროველები“ და ასადის რეჟიმის მებრძოლები უკრაინაში?

 

– თუმცა, როდესაც დანაკარგებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, იმ საინფორმაციო ომზეც, რომელსაც პუტინი ბოლო კვირის განმავლობაში აწარმოებს და ეს ეხება იგივე, თითქოსდა ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას რუსეთისადმი, რაც თავის მხრივ, რუსული არმიის სირიელი მებრძოლებით დახმარებას მოიცავს.

ასევე, ცალკე საკითხავია, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თითქოსდა კიევში ვიზიტი და მისი დანაყოფების უკრაინაში გადასროლა. რატომღაც საზოგადოებაც ამას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს… არადა, ჩვენ უკვე მოვისმინეთ ინფორმაცია უკრაინელების მიერ კადიროვის არაერთი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ, რითაც მისი „უძლეველობის“ მითი ნელ-ნელა იმსხვრევა.

თუ შეიძლება ჩვენს მკითხველს რომ ავუხსნათ, არის თუ არა ეს რეალური რესურსი რუსეთისთვის და ზოგადად, რა ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე?

– ამ ორივე მოვლენას თავისი დანიშნულება აქვს, პირველი ესაა: საინფორმაციო, ფსიქოლოგიური დანიშნულება და მეორე – ფაქტობრივი. საინფორმაციო თვალსაზრისით, რუსეთი მოკავშირეების იმ ვიწრო წრიდან, რაც მას გააჩნია (თუ ვენესუელას, ტუვალუს და ვანუატუს არ ჩავთვლით) აჩვენებს, რომ თითქოს სირია, რომელსაც რუსეთი დაეხმარა, ვგულისხმობ ბაშარ ასადის რეჟიმს, აცხადებს მხარდაჭერას, თუმცა ეს სრული ნონსენსია.

ასადის რეჟიმს თავისთვის შეზღუდული აქვს როგორც ფინანსური, ისე მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები, ასე რომ ეს სრულიად წარმოუდგენელია. თუ არ ვცდები, ასადის რეჟიმს სადღაც 150 ათასიანი ჯარი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით ნახევარია მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი. წარმოიდგინეთ, აქედან რომ ერთი მესამედი მოაკლოს და რუსეთში გადაისროლოს, ან რომელი ავიახაზები ან რომელი ქვეყანა გაატარებს.

შესაძლოა ირანი, მაგრამ უკრაინაში სულ სხვა გარემოა, სირიაში აბსოლუტურად სხვა. ცალკე ენობრივი პრობლემაა – როგორ დაელაპარაკებიან რუსები ამ სირიელებს და როგორ მოაწყობენ ქვედანაყოფებს უკრაინაში საბრძოლველად, ეს აბსოლუტური ნონსენსია.

ვფიქრობ, ამ მოვლენას პრაქტიკული დანიშნულება ნაკლებად აქვს, უფრო საინფორმაციო დანიშნულებისაა და ისიც მხოლოდ საკუთარი, რუსეთის აუდიტორიის მიმართ.

რაც შეეხება კადიროვს, აქაც დაახლოებით მინი ბაშარ ასადის სცენარი ვითარდება, რადგან კადიროვს შეიარაღებული დაჯგუფებები მხოლოდ და მხოლოდ ჩეჩნეთში სჭირდება და ქვედანაყოფების დიდ რაოდენობას უკრაინაში საბრძოლველად არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ ის ჩეჩნეთში „ხიშტებზე“ დგას და როგორც კი უკრაინიდან დაღუპულების რაოდენობის დიდი ნაკადი წამოვა, ეს მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნება.

 

რუსული „პოლიცია“ ომის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს ხელკეტებით არბევს, სანქტ-პეტერბურგი 

 

რატომ არის ოკუპანტების მთავარი სამიზნე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი

 

– მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენც აღნიშნეთ, ოკუპანტებმა პირველადი, სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულეს და ამასთან, მათი დანაკარგებიც იზრდება, თავდასხმები მაინც ინტენსიურად გრძელდება და განსაკურებით ეს ეხება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც რუსულ აგრესიას, განსაკუთრებით მარიუპოლში, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვების.

ჩანს, რომ მარიუპოლის და მისი შემოგარენის სრული აღება ახლა ოკუპანტების მთავარი მიზანია, რას გვეტყვით, რატომ არის რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის ამ ნაწილის დაკავება და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

– მარიუპოლი არის ძირითადი ქალაქი, რომელიც სახმელეთო გზით ყირიმს ლუგანსკსა და დონეცკთან აკავშირებს და შესაბამისად, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახმელეთო გზის დაკავება, რაც ყირიმთან კომუნიკაციას გაუადვილებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი დაიკავა, რუსებს მხოლოდ ერთი ხიდი აქვთ აღებული და ბუნებრივია, ეს ხიდი სატრანსპორტო კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, ძალიან ვიწრო და არ ატარებს იმ ზომის ტვირთებს, რაც რუსეთს სჭირდება. შესაბამისად, მარიუპოლს მათთვის ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

 

ოკუპანტების მიერ დაბომბილ მარიუპოლის სამშობიარო სახლს ახალგაზრდა ორსული გოგოს სიცოცხლე შეეწირა

 

 

როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი

 

– ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, პუტინის ზრახვების გამოცნობა ალბათ შეუძლებელია, თუმცა ამ თემის მიმოხილვისას, მაინც აუცილებლად მინდა გკითხოთ, რუსეთის ბრძოლის ტაქტიკაზე – თუ ეს სწორი პარალელი იქნება, მაგალითად, 2 დღის წინ, პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა და ეს ოკუპანტების ჯარების გადაჯგუფებისთვის შეგნებულად გაკეთდა. 

რაზე მიუთითებს მსგავსი სვლა, ხომ არა იმაზეც, რომ დავუშვათ შესაძლოა პუტინი კულმინაციისთვის დარჩენილი ძალების უფრო მეტ მობილიზებას ახდენს?

– რაც შეეხება პარალელს, ვფიქრობ, ძალიან სწორ დასკვნას აკეთებთ, რადგან როგორც ამ ომის მსვლელობისას გამოჩნდა, თავდაპირველი სტრატეგიული ამოცანა რუსებს სულ სხვა ჰქონდათ, უკრაინელების პიროვნულმა წინააღმდეგობამ კი გამოიწვია ის, რომ პირველადი ამოცანა აბსოლუტურად ჩაუვარდათ – ეს არის კიევის სწრაფი დაკავება სადესანტო-მოიერიშე დივერსანტების მეშვეობით.

რუსებს მოლოდინი აბსოლუტურად სხვა ჰქონდათ, მათ შორის, შესაძლოა ის პირველადი დესანტი ჩაუვარდათ, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ კიევზე განხორციელებული შეტევებით მოახერხებდნენ დედაქალაქის ალყაში მოქცევასა და აღებას, მაგრამ ეს “ბე” გეგმა ჩაუვარდათ, გაეწელათ და ძალიან დიდი დანაკარგი ნახეს.

ახლა, პრინციპში ხვდებიან, რომ კიევს ისინი ვერ აიღებენ და შესაძლოა დედაქალაქის მიმართ ეს სიჩუმე ნიშნავდეს შემდეგს: რუსული ჯარის ოპერატიული დაჯგუფებები საბოლოოდ მიხვდნენ, რომ კიევს ვერ აიღებენ და ის ჯარები, რაც ადგილზე იყო კონცენტრირებული, შესაძლებელია მათი სხვა მიმართულებით გადასროლა.

იგივე მარიუპოლის მიმართულებით, რომ საბოლოოდ დასრულდეს ამ ქალაქის ალყის შეკვრა და აღება. ან მაგალითად, იგივე ნიკოლაევისა და შემდგომ ოდესის მიმართულებით. რუსებს ზოგადად ახასიათებთ, რომ როცა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რა საკითხებზეც აწარმოებენ, სამხედრო თვალსაზრისით იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ხოლმე.

კიევიდან 20 კილომეტრში, ქალაქ ირპინში მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობენ გადალახონ ოკუპანტების მიერ აფეთქებული ხიდი

 

ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, ან თუკი კიევის მიმართულებით შეწყდა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ხარკოვის, ნიკოლაევის, მარიუპოლის ან თუნდაც ოდესის მიმართულებით პირიქით მოხდება და იქ გააქტიურდება. ასე რომ ვფიქრობ, სანამ დანაყოფებს გადმოისვრიან, თავს მოუყრიან, განალაგებენ და შეტევაზე გადავლენ, მანამ ცხელი ორი კვირა მაინც გველოდება.

 

მოლაპარაკებების პერსპექტივა მხარეთა შორის 

 

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ მოლაპარაკებების პერსპექტივაზეც, რომელიც მხარეთა შორის მიმდინარეობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი განიხილება, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

თავის მხრივ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეთა პოზიციები უფრო რეალისტურად ჟღერს, მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ ზელენსკის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის პოზიციაც, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და დონბასზე უარს არ იტყვის. 

როგორც ფიქრობთ, რამდენად აქვს ამ მოლაპარაკებას პერსპექტივა და რა შეიძლება იყოს შედეგი?

– აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს საბოლოოდ უკრაინა, რადგან თუ ისე გაგრძელდა, რომ პირობითად, დასავლეთმა ქვეყანას ნატოში გაწევრიანების არანაირი უახლოესი პერსპექტივა არ გაუჩინა – პირობითად დაჰპირდა, რომ ომის დასრულების შემთხვევაში, რა პირობითაც არ უნდა დასრულდეს ის და რა ტერიტორიაც არ უნდა წაიღოს რუსეთმა, უკრაინას ალიანსში გააწევრიანებენ.

თუ დასავლეთს და ნატოს ეს პოზიცია არ ექნება და ამ კუთხით კიევთან კომუნიკაცია არ შედგა, ბუნებრივია კიევი უსაფრთხოების სხვა გზას ნატოს გარეთ აირჩევს.

 

ლაშა ძებისაშვილი – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

 

აირჩევს სხვადასხვა მექანიზმს, დავარქვათ მცირე ალიანსები თუ ასე შემდეგ. შესაძლოა ნეიტრალიტეტი, რომელსაც უსაფრთხოების მართლა ეფექტური გარანტიები ექნება, ამაში კიევი აბსოლუტურად რაციონალურად და ადეკვატურად იქცევა, რადგან მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.

მცირე ალიანსების ძალიან მკაფიო მაგალითია აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო ალიანსი, როდესაც ერთი დიდი სახელმწიფო მეორეს გარანტად უდგება და ეს მექანიზმები სავსებით რეალურია. ეს ჩვენ დავინახეთ ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ბაქომ და ანკარამ ქალაქ შუშაში ეს ხელშეკრულება გააფორმეს.

ეს ორ სახელმწიფოს შორისაა, მაგრამ უკრაინას შეუძლია რამდენიმე სახელმწიფო შეიყვანოს, რაც ნიშნავს, რომ მას სულ მცირე, სამხედრო დახმარება გარანტირებულად ექნება, მათ შორის, შესაძლებელია ერთი ბირთვული ქვეყნის მხრიდან, რატომაც არა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები