LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძის ადვოკატი საქმის რუსთავის სასამართლოსთვის გადაცემას აპროტესტებს

99

ზაზა სარალიძის საქმეს რატომ განიხილავს რუსთავის სასამართლო, ეს არის საკითხი, რომელიც მეც ნამდვილად მაინტერესებს, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სამართლებრივად, არანაირი განსჯადობით ეს საქმე რუსთავს არ ექვემდებარებოდა.

„ეს არის საკითხი, რომელიც მეც ნამდვილად მაინტერესებს. არ გამცეს პასუხი. ვაპირებ, წერილობითაც მოვითხოვო ამისი განმარტება. არანაირი ქვემდებარეობით რუსთავს არ ექვემდებარება ეს საქმე. გუშინ რაც წავიკითხე, ოფიციალურად გააკეთეს განმარტება, რომ რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდა თბილისი, ამიტომ რაღაც ეჭვების გამოსარიცხად, რუსთავის სასამართლო განიხილავსო. სიმართლე ვთქვა, მე თავად ვერ გავიგე რატომ. სამართლებრივად, არანაირი განსჯადობით რუსთავს არ ექვემდებარებოდა ეს საქმე,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, რათა დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს პოლიციელზე თავდასხმის გამო, ზაზა სარალიძე რუსთაველზე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

magti 5g