LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდია არ გამორიცხავს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი მისი ცემის საქმეზე ჰქონდეს წარდგენილი

84

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი მისი ცემის საქმეზე ჰქონდეს წარდგენილი.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ბრალის წარდგენის თაობაზე ჯერჯერობით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ადვოკატები ხვალ განცხადებას გააკეთებენ.

„ჯერ არ ვიცი, რა მუხლით წარედგინა. ხვალ გავარკვევთ ყველაფერს. ადვოკატებიც განცხადებას გააკეთებენ. ვვარაუდობ, რომ ჩემ საქმეზე წარდეგინა. ზუსტად არ ვიცი. ალბათ კი…“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე ხვალ მთავარ პრკურატურაში განცხადება გაკეთდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

მთავარ პროკურატურაში ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაა არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ საქმეზე განცხადება ხვალ გაკეთდება. შს სამინისტრომ კი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოლიციის განყოფილებაში მისვლა დაადასტურა. მათი განმარტებით, ფარცხალაძე ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. თუმცა, კონკრეტულად რომელ საქმეზე იმყოფებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი უწყებაში, არ დააკონკრეტეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები