რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორის ნემცოვს სიკვდილამდე თითქმის ერთი წელი FSB-თან დაკავშირებული აგენტი ვალერი სუხარევი უთვალთვალებდა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც BBC-იმ ჩაატარა, სუხარევი დაკავშირებულია სხვა რუსი ოპოზიციონერების, ალექსანდრე ნავალნისა და ვლადიმირ კარა-მურზას მკვლელობის მცდელობასთანაც.
მოპოვებული მატარებლისა და ფრენისა ჯავშნების მიხედვით, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სუხარევი ნემცოვს მინიმუმ 13 მოგზაურობისას უთვალთვალებდა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2022/03/-2022-03-28_12-15-51_273285.jpg)
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სუხარევმა წინასწარ იცოდა ნემცოვის გეგმები, რადგან ის ხშირად ჩადიოდა იმავე ქალაქში მასზე რამდენიმე წუთით ან საათით ადრე, სადაც თავად ნემცოვი მიემგზავრებოდა.
მათივე ცნობით, სუხარევი ბოლოს ნემცოვს 2015 წლის 17 თებერვალს გაჰყვა, მკვლელობამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე.
რაც შეეხება ნავალნის, ის 2020 წლის 20 აგვისტოს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი ჯერ რუსეთში რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს, საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, 22 აგვისტოს გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიიდან დაბრუნებული ნავალნი კი ამ დრომდე რუსეთის ციხეში პატიმრობაში იმყოფება.
გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, ნავალნის უშუალოდ სუხარევი არ უთვალთვალებდა. თუმცა სატელეფონო ჟურნალებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ნავალნის მოწამვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სუხარევმა გაცვალა 145 სატელეფონო ზარი ან ტექსტი იმ გუნდის სულ მცირე ოთხ წევრთან, რომლებიც ნავალნის მოწამვლასთან არიან დაკავშირებული.
რუსეთის მთავრობა ამ დრომდე უარყოფს რაიმე სახის კავშირს როგორც ნემცოვის მკვლელობასთან, ასევე ნავალნისა და კარა-მურზას მკვლელობის მცდელობებთან.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2022/03/-2022-03-28_12-19-02_307481.jpg)
BBC-მ რუსეთის მთავრობას და FSB-ს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინათ მტკიცებულებაზე, რომ ნემცოვს FSB-ს აგენტი უთვალთვალებდა.
კრემლის პრეს- სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: „ამ ყველაფერს რუსეთის მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს მორიგი ფაბრიკაციაა“.