რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო ომი, რომელიც დღესაც გრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მსოფლიოში სურსათის მიწოდების შეფერხებას პროგნოზირებს.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რამდენად არის საქართველოს აგრო-სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე დამოკიდებული.
კვლევა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა.
„ბიზნესკურიერის“ სტუმარია რატი კოჭლამაზაშვილი – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
– რატი, გავეცანი თქვენს კვლევას, ძალიან საინტერესოა და ცოტა სევდიანი, რადგან დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე, (როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე).
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელში საქართველოდან ექსპორტირებული აგრო-სასურსათო პროდუქტების ღირებულება თითქმის ორჯერ და მეტად გაიზარდა და ამ ზრდის 61 % მოდის რუსეთის ბაზარზე. სამწუხაროდ 3 მილიონიდან 385 მილიონამდე გაიზარდა ამ ტიპის პროდუქციის ექსპორტი ბოლო 10 წელში.
ერთსა და იმავე შეცდომას რატომ ვუშვებთ? და რეალურად როგორია რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება?
– რუსეთი საკმაოდ არასტაბილური ბაზარია. ხან ომია და ხან სხვა პრობლემებია. თუმცა ეს ტრადიციული ბაზარია, მეტ-ნაკლებად იცნობენ ქართულ პროდუქციას და მოთხოვნებიც ნაკლები აქვს და ხდება ისე, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო მეტად გადის.
ცალსახაა, რომ რისკები მაღალია. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი სიტუაცია კიდევ ერთხელ დაანახვებს ჩვენს ბიზნესმენებსა და ადამიანებს, რომ რუსეთის ბაზარზე ძალიან მაღალი რისკებია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ძალიან მნიშვნელოვანია.
გვესმის, რომ ტრადიციული ბაზარია და გვესმის, რომ ლოჯისტიკურადაც ახლოსაა და არ ითხოვს დიდ ხარისხს, მაგრამ აქ არის საკმაოდ დიდი რისკები, რომელიც შეიძლება, ყოველ ხუთ წელში ერთხელ განმეორდეს.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბაზრიდან დისტანცირება მოვახდინოთ.
– სოფლის მეურნეობის პროდუქციაში თავისთავად ღვინოც შედის და შეგვიძლია იგივე მინერალური წყალიც შევიყვანოთ. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მოთხოვნა შემცირდება იმ ფონზე, რომ იგივე რუსეთმა არამეგობრული ქვეყნები დაარქვა ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დაუწესეს.
შესაბამისად ამ ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტი თავისთავად შემცირდება, რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც შემცირდება მოთხოვნა რუსეთიდან ქართულ – სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე? არიან ადამიანები, მათ შორის საკმაოდ კომპეტენტურები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ეს მოთხოვნები წელს შეიძლება, გაიზარდოს.
– ძალიან ბევრი ბიზნესი გადის რუსეთიდან და შეიძლება, ამან გაზარდოს მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე. თუმცა აქ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
როდესაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რუსეთში გაგზავნილი ყველა პროდუქტი უნდა იყოს მორალურად გამართლებული.
ამის გარდა არსებობს გადახდის პრობლემა.გვესმის, მხოლოდ რუბლით შეიძლება მოხდეს ვაჭრობა და გვესმის, რომ მოხდა რუბლის გაუფასურება, ეს არის ის ფაქტორები, რაც გასათვალისწინებელია. შეიძლება გაიგზავნოს ჩვენი პროდუქცია, მაგრამ მეორე არის ის ფაქტი, რამდენს გადაიხდიან რუსი მომხმარებლები და რამდენად კარგად მოხდება ანგარიშსწორება.
ამიტომ რისკები რაც იყო, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო გაიზარდა.
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს რისკები და სამწუხაროდ ქართული ბიზნესის იმ ნაწილმა, რომელიც ბოლო წლებში ჩამოეკიდა რუსეთის ბაზარს ვერ გაითვალისწინა ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი. მაგალითად პოლიტიკური გადაწყვეტილებების სანქციები.
კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა რუსეთის იმპორტთან დაკავშირებულ საკითხს, განსაკუთრებით საუბარია ხორბლის იმპორტზე. ამ მიმართულებით რამდენად ელოდებით შეფერხებებს? გასაგებია, რომ რუსეთმა გარკვეული შეზღუდვები დააწესა ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით.
რამდენად შეეხება ის საქართველოს და რა ალტერნატივები გვაქვს?
– ამ კუთხითაც საკმაოდ რთული სიტუაციაა, რუსეთმა ჯერ შეზღუდა და მერე შეიძლება, ჩაკეტოს ხორბლის ექსპორტი.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს შემთხვევაში ხორბალი შემოდის ტრაილერებით და ანგარიშსწორება ხელზე ხდება.
სხვადასხვა ქალაქებში რუსეთის რუბლის გარდა სხვა ვალუტა არ არსებობს და დღეს რუბლით ვაჭრობა პრობლემებს უკავშირდება.
ეს, რა თქმა უნდა, ის რისკებია, რისი გადაზღვევაც უნდა მოხდეს და უნდა ვეცადოთ, რომ ალტერნატიული ბაზრებიდან შემოვიტანოთ ხორბალი. სეზონი მოდის და იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი წარმოებაც მინიმალური რაოდენობით, მაგრამ მაინც დაეხმარება ადგილობრივ მოხმარებას.
– ბოლოს მინდა გკითხოთ, რეკომენდაციებზე. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გარკვეული შეღავათების დაწესება ქართველი ექსპორტიორებისთვის ან იმპორტიორებზე.
რა რეკომენდაციები გაქვთ თქვენ. გასაგებია, დივერსიფიცირება ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია და წლებია ყველა ვსაუბრობთ ამაზე.
რუსეთის ბაზარს არ უნდა ჩამოვეკიდოთ, მაგრამ ეს დროის ამბავია და პოლიტიკური გადაწყვეტილება ამას სამწუხაროდ არ მოჰყვება.
სხვა რა ტიპის რეკომენდაციები გაქვთ და ეხება ის თუ არა გადასახადების ნაწილსაც?
– ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღება და იმ რეკომენდაციების მიღება, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას.
იგივე დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ან ექსპორტის შემთხვევაში გარკვეული მარაგების დაგროვებით.
მნიშვნელოვანია, რომ დახმარების პროგრამები, არსებობდეს. ვნახეთ, რომ სახელმწიფომ რამდენიმე კომპონენტში ეს გამოაცხადა, ეს არის მარცვლოვანი კულტურების თანადაფინანსების კომპონენტი და მეორე გახლავთ მარაგების მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ პროცესს და ამის მიხედვით შესაძლებელი გახდება, რომ კიდევ უფრო მეტი მექანიზმები იქნას ჩაშვებული, როგორც საგადასახადო კუთხით, ისე სტიმულირების კუთხით, რომ ეს შეფერხება თავიდან ავირიდოთ.
– იმედია, სტიმულირება არ იქნება ისეთი, რასაც ვხედავდით წლების განმავლობაში, როდესაც მილიონები და მილიარდები იხარჯება სოფლის მეურნეობაში და სამწუხაროდ შედეგს ვერ ვხედავთ…
– კი ბატონო, ეს ძირითადად უნდა შეეხოს პირველადი მოხმარებისთვის მნიშვნელოვან პროდუქტებს, და არა ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა.
– ეს პრობლემა უმტკივნეულოდ ვერ გადაიჭრება და იმედია, სახელმწიფო გამონახავს გზას, რომ პრობლემა ნაკლებად მტკივნეულად გადაიჭრას.
