რუსეთი საქართველოს ბაზრიდან ქართული და ევროპული ბრენდების განდევნას გეგმავს, მას ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე სრული მონოპოლია სურს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე, 3-ჯერ გაიზარდა ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობპროდუქტების წილი.
„რადგან მათი სანქცირებული პროდუქტი სხვაგან აღარ იყიდება, უნდათ შემოიტანონ პროდუქცია, თუნდაც ფასდაკლებით, ჩვენს ბაზარზე. საგანგაშო ტენდენცია შეინიშნება. სანქცირებულია ,,როსნეფტი“. სხვა რუსული კომპანიებიც. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ექნებათ ფასდაკლებები მათი ფავორიტი კომპანიებისთვის, როგორიცაა: მაგალითად, ,,გალფი“, რომელიც რეალურად ,,როსნეფტია”. ჩვენ ვიცით გეგმა, რომელიც პირველად უნდა გავაჟღერო. დიდი ხანია ეს ინფორმაცია გვაქვს და ვამუშავებთ. ,,გალფს“ და მის მმართველებს სურთ ხელში ჩაიგდონ სხვადასხვა ქართული და ევროპული ქსელები. მეტიც, მათ სურთ ბაზრიდან გააგდონ ქართული და ევროპული მოთამაშეები და ხელში ჩაიგდონ უდიდესი ნაწილი ჩვენს ბაზარზე. ასევე სურთ, სხვადასხვა ბრენდების ქვეშ დააფუძნონ კომპანია ,,პეტროკასი“, რომელიც ვითომდა იქნება ,,გალფის“ კონკურენტი “, – განაცხადა ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.